1887 წლის მიწისძვრა და ლანჩხუთ-ჩოჩხათის „პრიგოვორები“

„ლანჩხუთი (ოზურგეთის მაზრა), ოთხს ივლისს, საღამოს, დაახლოვებით ცხრა საათზე ჩვენს სოფელში მოხვდა მიწის-ძვრა“ წერდნენ ლანჩხუთლები გაზეთ ივერიას. როგორც წერილში წერდნენ, რომ ასეთი ძლიერი მიწისძვრას ასაკოვან ხალხსაც კი არ ახსოვდათ – „ბევრ სახლებს ზიანი მისცა: ზოგს სახურავი გადააძრო, ზოგს ჭერები დაუფუშა, ზოგს ბუხრები დაუნგრია და სხვა… ამასთანავე სულ ახალ აშენებული ეკლესია ხუთ ადგილას გაიბზარა და კინაღამ სულ დაინგრა. ვინც ფეხზე ვიდექით, მიწაზე ვეცემოდით და თავ-ბრუ გვესხმოდა.“
.
როგორც ჩანს ამ ამბავს მოსახლეობა გვარიანად შეუშინებია – „ხალხს დიდი ხანია არ ენახა და ზოგს არც-კი გაეგონა, რა იყო მიწის-ძვრა, და ამით აიხსნება ის სასოწარკვეთილება ხალხისა, რომელიც მიწის-ძვრამ გამოიწვია. ბევრს ეგონა ქვეყანა დაიქცაო და შეშინებული მიისწრაფოვდნენ შიშველ ადგილზე.“
.
ასაკოვან ხალხს გაუხსენებიათ, რომ 100 წლის წინაც მომხდარა ძლიერი მიწისძვრა, რის გამოც მაშინ ეკლესიისათვის პარასკევი დღე შეუწირავთ, ანუ პარასკევი დღე უქმე დღედ გამუცხადებიათ და არ მუშაობდნენ. შემდეგში ხალხს ეს დავიწყებია და პარასკევობითაც დაუწყიათ მუშაობა და სწორედ ამ აღთქმის დარღვევას მოყვა მათი აზრით ღვთის რისხვაც.
.
„ასის წლის წინათ ჩვენს წინაპართ მიწის-ძვრის გამო შეუწირავთ ღვთისთვის პარასკევი, ე.წ. პარასკევს არ უნდა ემუშავნათ. დროთა ვითარების გამო ეს აღთქმა დავიწყებული იქმნა.“ ამ მიწისძვერის შემდეგ გადაუწყვეტიათ მისი აღდგენა – „ამისთვის შეადგინეს პირობის ქაღალდი, ანუ როგორც აქ ეძახიან „პრიგოვორი“, რომელზედაც ხელი მოაწერა ლანჩხუთის საზოგადოებამ. ამ „პრიგოვორის“ ძალით არავის არ შეუძლია იმუშავოს პარასკევს.“ „პრიგოვორი“ ითვალისწინებდა დადგენილი წესის დარღვევისათვის საჯელს, კერძოდ ვინც პარასკევს იმუშავებდა იმას ეკლესიისათვის უნდა გადაეხადა ჯარიმა ხუთი თუმანი, ჯარიმის გადახდასთან ერთად დამრღვევს ჩამოერთმევოდა „დანაშაულის ჩადენის“ იარაღები, მაგალითად პარასკევს ყანის თოხნისათვის ჩამოერთმევოდათ თოხი და ა.შ.
.
„გავბედე და ზოგიერთებს ავუხსენი, თუ როგორ წარმოსდგება მიწის-ძვრა, ისიც ვუთხარი პარასკევი დღის უქმად გამოცხადება ვერას დაგეხმარება-თქო, მაგრამ იმათ მიპასუხეს, რომ რაც ჩვენმა ძველებმა შესწირეს პარასკევიო მიწის-ძვრა არც კი ყოფილაო.“
.
ლანჩხუთის მიწისძვრასთან დაკავშირებით ივერიის შემდეგ ნომერში წერილი გამოაქვეყნა ეგნატე ინგოროყვამ (ნინოშვილი) – „ლანჩხუთლებმა პარასკევი მიართვეს მეუფეს – აწე მიწის-ძვრას ნუღარ ინებებ, შენს მადლსაო.“
.
ეგნატესვე თქმით ლანჩხუთლებს არც ჩოჩხათლები ჩამორჩნენ – „ლანჩხუთლებზე ნაკლებ გაჭირვებაში არც ჩოჩხათლები არიან ამ მიწის-ძვრის გამო – თუ ლანჩხუთლებმა ერთი დღე მიართვეს მეუფეს, ჩვენ კაცები არ ვყოფილვართ და ქუდები არ გვხურებია, თუ დღე ნახევარი არ მივართვათო, თქვეს ამათ და ერთ მშვენიერ კვირა დღეს ჩააბეს საძღვნოდ „პრიგავორის“ ბაწარი გაიძვერა პარასკევს, ზედ ნახევარი შაბათიც დააკრეს და ასე შეკაზმული მიართვეს მეუფეს, იმ პირობით-კი, რომ მიწის შერყევ-შემორყევაზე მომავალში ხელი უნდა აიღოს.“
.
„პრიგოვორები“ მაშინდელ გურიაში მიღებული საქმე ყოფილა, სოფლის საზოგადოება აირჩევდა დეპუტატებს, რომლებსაც მერე „პრიგოვორები“ ანუ გადაწყვეტილება გამოჰქონდათ სხვადასხვა საკითხზე, ერთ ასეთ ამბავზე ეგნატე ინგოროყვა წერს – „ასე და ამგვარად დადგინდა „პრიგოვორები“, მაგრამ ბოლოს ერთი „პრიგოვორის“ შედგენამ ძალიან გაუჭირვა საქმე ჩვენს დეპუტატებს. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ერთის ქურდად შენიშნულისათვის უნდა გაეწესებიათ ექვსი წლით ვლადიკავკავში გადასახლება და არც ერთმა დეპუტატთაგანმა არ იცოდა კი სად იყო ეს ვლადიკავკავი, რომელ მხარეს ან სად მდებარეობს.“
.
გაზეთი „ივერია“ 1887 წელი #139;#165;
ფოტოზე ლანჩხუთის რკინიგზის სადგური
შეიძლება იყოს 8 ადამიანი და რკინიგზა-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share