1810 წელს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ მამია V გურიელმა ოზურგეთში დაიწყო სასახლის მშენებლობა, მარმარილოს სვეტებიანი სასახლე ყოფილა საკმაოდ დიდი მოცულობის (სამ სართულიანი, როგორც დე მონპრეს ნახატიდან ჩანს) და ჰქონდა ქვის გალავანი, ასევე სასახლის კომპელქსში შედიოდა რამდენიმე ნაგებობა, მათ შორის აბანო და ფანჩატურები, დიუბუა დე მონპერეს (რომელიც ოზურგეთში იყო 1830 წელს) თქმით სასახლე იყო – “რამდენიმე სართულიანი” და “ბრწყინვალე” (სასახლე იდგა ოზურგეთში იუსტიციის სახლის ადგილზე და მიმდებარედ).
.
სასახლის წინ საკმაოდ დიდ ფართობზე მამია გურიელმა დაიწყო ბაღის გაშენება, რისთვისაც 1822 წელს მოწვეული იქნა სწავლული აგრონომი ნიკო მარი, რომლის მიერ გაშენებული ბაღის ფრაგმენტების დღესაცაა ოზურგეთში შემორჩენილი.
.
დიუბუა დე მონპერე წერდა – “ოზურგეთი მდებარეობს ვაკეზე, მდინარე ბჟუჯის მარჯვენა ნაპირზე, ამავე მდინარის ორი შენაკადის სკუჩასა და ბაზრისწყალის შუაში. გურიის მეფეებმა ეს ადგილი აქციეს თავის რეზიდენციად. უკანსკნელმა გურიელმა (ასე იწოდებოდნენ გურიის მფლობელები) მამიამ, რომელმაც ცნო რუსეთის უზენაესი ძალაუფლება 1810 წელს, აქ დაიწყო რამდენიმე სართულიანი ბრწყინვალე სასახლის მშენებლობა, რომელიც თითმის დამთავრებული ჰქონდა როცა გარდაიცვალა.”
.
ყველაფერი დასრულდა მამია გურიელის გარდაცვალებით (1826) და შემდეგში გურიის სამთავროს გაუქმებით (1829), რომლის მიზეზიც გახლდათ მუდმივი შფოთი გურიაში და თურქეთის საზღვართან სიახლოვე, ასევე რაც მთავრია რუსეთ თურქეთის 1828-1829 წლის ომი. რუსებმა სასახლის ნაწილი დაანგრიეს დარჩენილი კი ყაზარმებად გადააკეთეს და შემდეგში ეს შენობა “დრუჟინის” სახლითაა ცნობილი.
.
„დღეს აქა-იქა აქვს სახურავი, ჭერ-იატაკი დალპობია: ყველაფერი გაოხრდა. გვერდით მოხელეებს საცოდავი ქოხები გაუკეთებიათ, ხოლო ამ საუცხოვო შენობისა აჩრდილიღა დარჩა. გალავანი, აბანო, ფანჩატურები, სასახლეს რომ ერტყა, − უკეთეს მდგომარეობაში არ არის” (დე მონპრე – 1830).
.
თედო სახოკია, რომელიც ოზურგეთში 1897 წელს იყო წერს: “დღეს ამ სასახლისა არაფერია დარჩენილი. გალავანი ნახევრად დანგრეულია, მთავრის აბანო „დრუჟინას” ზოგი საკუჭნაოდ და ზოგიც შეშის საწყობად აქვს გადაქცეული. მარმარილოს სვეტები სასახლისა ყირიმის ომის წინ (1849-1850 წწ.) სამეგრელოს მთავარს, დავით დადიანს, უთხოვია მთავრობისათვის, ნება მომეცით ჩემი სასახლისათვის წავიღო სამეგრელოშიო. ნება დაურთავთ, და წაუღებინებია კიდეცა. მაგრამ სიკვდილს მოუსწრია და ის სვეტები ანაკლიაში ჩარჩენილა”.
.
გურიის სამთავროსაგან განსხვავებით სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო რუსებმა გააუქმეს 1867 წელს, დადიანების სასახლე კი აშენდა 1837-38 წლებში, თუმცა გურიელის სასახლიდან წაღებულმა მამარმარილოს სვეტებმა როგორც ჩანს ზუგდიდამდე ვერ ჩააღწია.
.
გურიელის სასახლის გალავნის კოშკისა და კედლის შემორჩენილი ნარჩნები გასული საუკუნის 50-იან წლებში რესტორან იზაბელას მშენებლობას შეეწირა, ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ აბანოს ნაშთები.
.
– დიუბუა დე მონპერე ოზურგეთი 1830 – (Frédéric Dubois de Montpéreux – Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée – Atlas)
– თედო საკოკია – მოგზაურობანი გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა