110 წლის აჭყვისთაველი ქამჯარაძის ნაამბობი – ჩაქვში მცხოვრები გურიელები, თურქებთან ბრძოლა, “ჭკვიანი კაცები”, აჭყვისთავის მთავარანგელოზის ეკლესია

“მე პატარა ვიყავი, ასე 6-10 წლისა ვიქნებდი, როცა ოსმალები ბათუმის აქეთ წამოვიდნენ, ციხის ძირს მოადგნენ. რადგანაც მაშინდელი გურიისა და ოსმალოს სინორი ციხის ძირთან იყო. გურულებსა და ოსმალთ დიდი ჩხუბი მოუხდათ.
.
გურიელები მაშინ ჩვენში ცხოვრებდნენ და ხალხს აქეზებდნენ ომისათვის. ყველაზედ კარგად ჩვენები ომობდნენ. ციხის ძირთან დიდძალი ხალხი გაუწყვიტეს ოსმალთ, მაგრამ ბოლოს მაინც გაჭირდა საქმე, ოსმალთა გვძლიეს და ციხის ძირს გადმოვიდნენ.
.
ესენი აქეთ ფეხს ვერ გადმოდგამდნენ, მაგრამ ჩვენში გამოჩნდნენ ისეთი ჭკვიანი კაცები, რომელთაც იფიქრეს, რომ ცარიელი სისხლის ღვრით არაფერი გამოვა და ამიტომ ისევ მორჩილება სჯობიაო. კაი ქმნეს ამათ, ესენი გახლდნენ სოფ. ზენდიდელი გუგუნავები, დუმბაძეები და ძველი ქობულეთელ ჭყონიები. ამათის დახმარებით გადმოვიდნენ ოსმალნი სინორს და მთლად ჩაქვი დაიჭირეს.
.
მაშინ ჩვენს მხარეს სახელად კახაბერი ერქვა. კახაბერი
ჩოლოქიდგან იწყებოდა, აჭარისა და ლაზისტანის სინორზედ თავდებოდა. ასე ამ მხარეს ძველად კახაბერი ერქვა და არა ჩაქვი, ბათუმი, ქობულეთი, კინტრიში და სხვ. ეს ბოლოს შემოვიდა ხმარებაში. ჩაქვის აღების შემდეგ ოსმალნი კინტრიშისკენაც მალე გადმოვიდნენ, ორი კვირის განმავლობაში მთლად დაიმორჩილეს აქაურობა.
.
მერე აქედგან ხინოსკენ წავიდნენ. ხინოში მაშინ ეკკლესია იყო, იქ დიდი ქეშიში (ეპისკოპოსი) იჯდა. იმ ქეშიშს სხვა ქეშიშებიცა ჰყვანდა. ესენი სოფლებში დადიოდნენ; ჩუმად აჭარის სოფლებშიაც გადადიოდნენ, იქ გამაჰმადიანებულს ხალხს რაღაცებს უშვრებოდნენ. ოსმალებმა ეს დიდი ქეშიში თავის სხვა ქეშიშებით აღარ დააყენეს, მალე გამორეკეს იქადგან და უთხრეს, რომ აქ ერთი ქეშიშიც კმარაო. ქეშიშები სულ წამოვიდნენ. იქ დარჩა დიდი ქეშიში მარტო.
.
ჩვენები დადიოდნენ იქ სალოცავად და ცხვარი და ქათმები მიჰყვანდათ ქეშიშისათვის; ჩვენს გარდა სხვებიც დადიოდნენ სალოცავად. ხან-და-ხან ცეკვა-თამაში და თოფის სროლაც იცოდნენ.
.
ოსმალების აქ დაბინავების შემდეგ ჩვენებურები აქ არ
დგებოდენ, ნახევარი ჩაქვი და ქობულეთი გურიაში გადასახლდა, სახლ-კარს ოხრად სტოვებდნენ და მიდიოდნენ გურიელებისაკენ, რადგანაც გამაჰმადიანებისა ეშინოდათ. თუმცა პირველად ოსმალები არ გვამაჰმადიანებდნენ, მაგრამ ჩვენებს მაინც ეშინოდათ, რადგანაც ამ დროს აჭარა უკვე გამაჰმადიანებული იყო. ბევრნი დარჩნენ აქა და ბევრნი გაიქცნენ გურიისაკენ;”
.
“მალე იქიდგან ბრძანება მოვიდა, რომ ეკკლესიები ან დააქციეო, ან ჯამეებად გადააკეთეთო. ჩვენში ეს ამბები წინადვე შეიტყეს. ამიტომ ერთ დღეს, დილა ადრიან, მამაჩემმა გააღვიძა თავისი ძმები, მეც გამეღვიძა, რადგანაც
მაშინ ბევრი ვაი-ვაგლახებისაგან ძილი გამკრთალი გვქონდა. მამაჩემმა თავისი ძმები და მეც აჭყვის მთავარანგელოსის ეკკლესიაში წაგვიყვანა.
.
ეკკლესიის კარები გააღეს, შიგ ბევრი რამ იყო: წიგნები, ხატები, ფული, ჯვრები და სხვანი, ყველა ესენი ერთად შეკრიბეს და ეკკლესიის ზეით ერთი დიდი ორმო გათხარეს და შიგ ჩააწყეს, ზევიდამ ხეები დააყარეს და იქ დამარხეს, რომ ოსმალთ არ წაიღონო. ზევიდან კიდევ პატარა ღობე შემოავლეს, რომ ნადირი ან სხვა ვინმე არ მივიდეს იმ ალაგზე და არ დაიპილწოსო. ეს საეკკლესიო ნივთები კი დღევანდლამდე იქ მარხიაო. ადგილიც დამანახვა.”
ქობულეთი 1854 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share