ლორდი ბაირონიც კი დაქირავებული მკვლელი, ქილერი ყოფილა ამათი ლოგიკით, შეხედულებით, შეფასებით – ჯერ იტალიელების და შემდეგ ბერძნების მხარდამხარ რომ იბრძოდა – თავისუფლების უნივერსალურობის იდეის სახელითა და ჩაგრულის გამოსარჩლების ვალდებულებით.
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელიც – რომელიც ვერ დადგა, ვერ გაჩერდა და დაპყრობილი ხალხის, ბურების მხარეს ჩაერთო იმპერიალიზმის წინააღმდეგ ომში.
ალექსანდრე ბატონიშვილი, ან შალვა მაღლაკელიძე, ვიქტორ ნოზაძე, ან გივი გაბლიანი…
წარმოგიდგენიათ, როგორ აღიქვამენ ესენი ბატალიონ “თამარ მეფეს”?! ან შეფიცულებს, თუნდაც “თეთრი გიორგის” ლომებს?!
ან აკაკი წერეთელი ვინღა არის ამათთვის?! რუსეთ-იაპონიის ომში ცალსახად იაპონიას რომ გულშემატკივრობდა და “ოი, ამას ვენაცვალეო” სწერდა იაპონელთა ლეგენდარულ მარშალზე, სამხედრო მინისტრსა და სარდალზე?!
თავად ამ ხელისუფლების დროსვე დიდუბის პანთეონში დაიკრძალა პეტრე ხვედელიძე, ვინც სიხარულით შეუერთდა თვით ვერმახტის არმიასაც კი, ოღონდაც, რუსებს და საბჭოთა ბოროტების იმპერიას შებრძოლებოდა…
ნეტავ, თუ სადმე რაიმე წაუკითხავთ… თუ გაუგიათ. ყური მაინც თუ მოუკრავთ…
აღვირახსნილი უმეცრება და შეუბრალებელი სირცხვილი მოედინება მმართველი პოლიტიკური ძალის პროპაგანდის სახით. პროპაგანდის, რომელსაც არც საფუძველი გააჩნია, არც ზღვარი სირცხვილის გრძნობის, აღარც მორალური რამ კატეგორია, მიჯნა, რომელსაც არ გადაამლაშებს, რომელსაც არ გადაჯეგავს, არ გადაქელავს.
ნიკა მაჭუტაძე