გურიაში დამზადებული ღვინის პირველი ფაბრიკაცია/ბოთლში ჩამოსხმა და ვაზის პირველი სანერგე მეურნეობა

გაზეთ კავკაზის (Кавказ) კორესპონდენტი პავლე სიმონენკოს 1874 პუბლიკაციის მიხედვით გურიაში დამზადებული ღვინო პიველად ევროპული წესით დამზადდა და ბოთლში ჩამოისხა 1873 წელს. კერძოდ ოზურგეთელ ვაჭარს ბატონ ტ-ს, გურიაში დამზადებული ღვინო ოდესაში რუმბებით წაუღია, სადაც ღვინო გაუსინჯავთ, ძალიანაც მოსწონებიათ და მისი ტექნოლოგიური დამუშავება და ბოთლში ჩამოსხმაც ოდესაში მომხდარა. სავარაუდოდ რუსულ ტექსტში ნახსენები ბატონი “T” (ანუ “თ”) ცნობილი ოზურგეთელი მეწარმე და ვაჭარი თომა თუმანიშვილი (1800-1890) უნდა ყოფილიყო, რომელმაც პირველი დიდი არყის ქარხანა გახსნა გურიაში (სოფ. დვაბზუში), მანვე მოაწყო პირველი პურის საცხობი ოზურგეთში და ა.შ.
.
სიმონენკო წერს – “1873 წელს ოზურგეთელმა ვაჭარმა (ბატონი – ტ) ოდესაში რუმბით წაიღო შემოქმედის ღვინო. სადაც ვაჭარმა გაიცნო პირები, რომლებიც ეწეოდნენ ევროპული ღვინით ვაჭრობას და მათ შესამოწმებლად გადასცა მის მიერ ჩატანილი ღვინო. ექსპერტების დასკვნით, შემოქმედის ღვინო მცირედი ფაბრიკაციისა და ბოთლებში ჩამოსხმის შემდეგ შესაძლებელი იყო დიდი წარმატებით გაყიდულიყო ევროპული ღვინის ნაცვლად.
.
უკან დაბრუნებისას ოზურგეთელმა ვაჭარმა ჩამოიტანა ბოთლებში ჩამოსხმული ფაბრიკებული გურული ღვინო, რომელიც ადგილზე ერთი ბოთლი იყიდებოდა 1 მანეთად და 75 კაპიკად ვერცხლით. როგორც კი ადგილობრივი ღვინის შესახებ ინფორმაციის მოგროვება დავიწყე, ეს ვაჭარი თავად დამიკავშირდა და მაცნობა შემოქმედის ღვინოზე ყოველივე ზემოხსენებული და მითხრა, რომ იგი კვლავ აპირებს განახორციელოს გურული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა უფრო დიდი მოცულობით.
.
ამ ფაქტიდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საუკეთესო ჯიშის გურიის ღვინოების გადაზიდვა შესაძლებელია საზღვაო გზებით, რა დროსაც მათი გაფუჭების საშიშროება არ არსებობს. ამის შემდეგ საკვირველია იმაზე საუბარი, რომ კავკასიური ღვინოები მალე ფუჭდება.”
.
სიმონენკო ასევე აღწერს ვაზის პირველ სანერგე მეურნეობა ოზურგეთში – “ასევე კარგი იქნება აქვე აღვნიშნო, რომ სიმონ ქიქოძემ 1872 წელს ქალაქ ოზურგეთში მოაწყო ვაზის სანერგე მეურნეობა, რომელიც გაშენებულია ტერასებზე. ოზურგეთის სანერგეში არის იალტაში არსებული ნიკიტსკის ბაღიდან შემოტანილი შემდეგი ჯიშის ვაზის ნერგები:
.
დასახელება რაოდენობა
1) Franc Pineau ………… 100
2) Muscat noir …………… 50
3) Cot rouge ……………… 50
4) Pedra ximenes ………… 50
5) Piueau blanc …………… 50
6) Riesling …………………… 50
.
ყველა ეს ჯიში კარგად შეეგუა აქაურობას და დიდ იმედს იძლევიან, ნიადაგი და კლიმატი კი მათ მიმართ მოწყალეა.”
შეიძლება იყოს drink გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share