ქალები რამდენიმე ქათამს გასწმენდენ, მოაცილებენ თავს, ფეხებს და შიგნეულს. შემდეგ რამდენიმე ქათამს ერთად ხარშავენ მთლიანად ანუ “მრგვალად”, მოხარშულს ამოიღებენ წყლიდან და როგორც გარედან ისე შიგნიდან მოაყრიან დამსხვრეულ მარილს, ქონდარს და სხვადასხვა სახის საკმაზს.
.
ქათმის შიგნეულს განსაკუთრებულად არჩევენ და წმენდენ “საკაკვავის” მოსამზადებლად, ასე ეძახიან წვნიანს, რომელიც კეთდება საახალწლოდ დაკლული ქათმების შიგნეულიდან, ამ წვნიანის მირთმევა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ, კაცების, ბიჭებისა და ქალიშვილებისათვის კი არ შეიძლებოდა.
.
ხალხში არსებული რწმენის მიხედვით, მამაკაცებმა არ შეიძლება მიირთვან “საკაკვავი”, რადგანაც გურულების აზრით, ნადირობაში, თევზაობაში, მოგზაურობაში და ყველა სხვა საქმიანობაში წარუმატებლობა ელოდათ. ასევე მიიჩნევდნენ, რომ “საკაკვავის” მჭამელ კაცს მუხლები აუკანკალდებოდა და ხეზე ვეღარ ავიდოდა.
.
ქალიშვილებისათვის “საკაკვავის” ჭამა იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ გათხოვების შემდეგ ბევრს იდარდებდნენ მშობლების ოჯახზე, მთელი ცხოვრება ინანებდნენ გათხოვებას, ასევე მთელი ცხოვრება უბედური და უკმაყოფილონი იქნებოდნენ.
.
საკაკვავთან ერთად იმავე დღისათვის აცხობდნენ “საკაკვავის პურს”.
–
კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებული, ტარასი მამალაძე – 1893 წელი
Зоммер Рихард-Карл Карлович (1866–1939) Бумага на картоне, графитный карандаш, акварель, белила
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა