როგორ აღინიშნეს ოზურგეთში კალანდა 1870 წელს (გაზეთი კავკაზი)

ხალხისათვის კალანდა  უპირველესია დღესასწაულთა შორის, მას უკავშირდება სხვადასხვა და საკმაოდ მრავალფეროვანი წესჩვეულებები. ყველა გლეხი მიიჩნევს, რომ თუ ახალი წლის დადგომისას არ შეასრულებს საკუნეთა წინ დადგენილ წესებს, მისთვის მთელი წელი დაკარგულია და მის ოჯახში მოსალოდნელია ყოველგვარი უბედურება. წლის განმავლობაში თუ კი რამ უბედურება შეემთხვევა რომელიმე მათგანს ყველაფერს იმას მიაწერს, რომ საახალწლოდ დადგენილი წესებიდან რომელიღაც სათანადოდ არ შესრულდა.
.
გურიის ყველა მცხოვრები, მათ შორის ყველაზე უღარიბესი გლეხიც კი, რამდენიმე თვით ადრე იწყებს მზადებას ამ დღისათვის. ყველა თავს ვალდებულად თვლის, რომ ახალი წლისათვის ჰქონდეს საუკეთესო ღვინო, ყველაზე საუკეთესო კერძები, რისთვისაც დიდი ხნით ადრიდან საგანგებოდ კვებავენ ქათმებს, ინდაურებს, ღორებს და ასე შემდეგ. ასევე ემზადებიან, რომ ახალი წლისათვის ჰქონდეთ საუკეთესო ტანსაცმელი.
.
ახლა კი გაცნობებთ თუ როგორ აღნიშნავს ამ დღესასწაულს გვარდიის პოლკოვნიკი თავადი დიმიტრი გურიელი, რომელიც განსაკუთრებულად იცავს იმ წესჩვეულებებს, რომელსაც ასრულებდნენ მისი წინაპრები – გურიის მთავრები. თავადი ჩვენს მხარეში ცნობილია თავისი სიმდიდრითა და სტუმარ-მასპინძლობით, იგი ყოვეთვის დიდი კომფორტით აწყობს საახალწლო დღესასწაულს, რომლის დროსაც დაცულია ყველა სახალხო წესჩვეულება, ასე რომ თუ კი მე შევძლებ სრულყოფილად აღვწერო როგორ ხვდება თავადი დიმიტრი გურიელი ახალ წელს, ამით მოგცემთ საშუალებას სრულად აღიქვათ ეს სახალხო დღესასწაული (გალოცვა).
.
ახალი წლის წინა დღეს თავადი გურიელი იწყებს ქალაქ ოზურგეთის და მთლიანად მაზრის უკლებლივ ყველა მცხოვრების მოწვევას საახალწლო დღესასწაულზე, რომელიც იწყება პირველი იანვრის დილის 8 ან 9 საათისათვის. დანიშნულ დროს თავადი გურიელის სახლის დიდ დარბაზში იკრიბება მოწვეული საზოგადოება, ყველანი როგორც კაცები ისევე ქალები შემოსილნი არიან საუკეთესოდ. იმისთვის, რომ შეკრებას საზეიმო ელფერი მიეცეს სამხედრო მოსამსახურეები და თვით თავადი გურიელი შემოსილნი არიან სამხედრო მუნდირებით. დასაწყისისთვის შეკრებილი საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად აქედან ქალბატონები დგებიან ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს მამაკაცები. რის შემდეგაც ყველა ხელში იკავებს და ანთებს მათთვის იქვე დარიგებულ ცვილის სანთლებს. ამ დროს ოზურგეთის ეკლესიიდან გამოდის თავისი რანგისათვის შესაფერისად შემოსილი როგორც თეთრი ისევე შავი სამღვდელოება, რომელთა უმრავლესობის გალობით პროცესია მიემართება თვადი დიმიტრი გურიელის სახლისაკენ. პროცესიას კვალდაკვალ მოყვებიან საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი და იარაღასხმული მხიარულად მომღერალი გურულები.
.
როდესაც მთელი ეს პროცესია უახლოვდება თავადი გურიელის დარბაზის ზღურბლს, თავადი მიდის და ხურავს დარბაზის კარებს, მოახლოებული არქიმანდრიტი ხმამაღლა შესძახებს – „გააღეთ კარები“! დარბაზში მყოფი თავადი გურიელი ეკითხება: „რა მოგაქვს“? არქიმანდრიტი პასუხობს: „ბედნიერება, კეთილდღეობა და ყოველივე სიკეთე“! რის შემდეგაც არქიმანდრიტი ისევ შესძახებს: „გააღეთ კარები“! თავადი კი ისევ ეკითხება: „რა მოგაქვს“? ,,ყოველგვარი ხვავი, ბევრი პური, ღვინო, სიმინდი, ღომი და სახლისათვის ყველაფერი აუცილებელი,,! პასუხობს არქიმანდრიტი, რომელიც ახლა უკვე მესამედ შესძახებს: „გააღეთ კარები“! თავადი ისევ ეკითხება: „რა მოგაქვს“? არქიმანდრიტი პასუხობს: მეფის წყალობა, მტრებზე გამარჯვება და ასე შემდეგ და ამისდაგვარი. ამის შემდეგ კარები იღება და მთელი სამღვდელოება შედის დარბაზში, შესვლისთანავე იწყება ღვთისმსახურება ხელმწიფე იმპერატორისა და სრულიად უავგუსტესული ოჯახის საპატივცემულოდ, რის შემდეგადაც არქიმანდრიტი მიდის თავადთან და ულოცავს მას ახალ წელს, რის საპასუხოდ თავადი გურიელი ემთხვევა შესამოსელზე, ამის შემდეგ სამღვდელოება შემოივლის იქვე მყოფ საზოგადოებას, რომლებიც ღებულობენ მილოცვას და ემთხვევიან არქიმანდირტის კაბას. სამღვდელოების შემდეგ შემოდის შემდეგი პროცესია, რომელსაც მოაქვს სხვადასხვა სახის ძვირფასეულობა, საჭმელი და ნუგბარი, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველად შემოაქვთ ჩიჩილაკი, შემდეგ ლანგარზე დადებული ღორისთავი, რომელიც გადმოცემის მიხედვით ძველ დროში მოკლა ბასილი დიდმა იმის გამო, რომ ხალხს მუსრავდა, შემდეგ შემოდის – პური, ღვინო, ღომი, სიმინდი და სხვა სანოვაგე. შემდეგ კი ვერცხლის ლანგარებით შემოაქვთ თავადი გურიელის კუთვნილი ძველებური ძვირფასეულობა, ოქროს, ვერცხლის და ბრილიანტებით გაწყობილი სხვადასხვა დანიშნულების ნივთები. რომლებსაც ხელით ეხებიან იქ მყოფნი, რითაც გამოხატავდნენ იმის სურვილს, რომ ახალად დამდგარი წლის განმავლობაში უხვად შეიძინონ ასეთივე სიმდიდრე. დარბაზის სამჯერ შემოვლის შემდეგ პროცესია გარეთ გადის და უკვე დარბაზში მყოფები იწყებენ ერთმანეთისათვის ახალი წლის მილოცვას.
..
ყოველივე ხსენებულის შემდეგ თავადი გურიელი იწვევს სტუმრებს ტკბილეულისა და სხვადსხვა სახის ნუგბარის გასასინჯად, ამ დროს კი გარეთ იწყება ზარბაზნებიდან და თოფებიდან გაუთავებელი სროლა, რომელსაც თან ახლავს ხალხის ჟრიამული და მხიარული სიმღერები. იქვე დგას დიდებული არაბული ცხენი, რომელსაც ადგას ოქროთი და ძვირფასი თვლებით მორთული უძვირფასესი უნაგირი. სამათლიანობისათვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყველაფერი ამის შემყურეს ბწყინვალე სურათი გიდგება თვალწინ. ძალზედ სასიამოვნო საცქერია ბედნიერი სახეები, რომლებიც დიდი იმედით ელოდებიან მომავალი წლისაგან ყოველივე საუკეთესოს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ თავადი დიმიტრი გურიელი ვახშამზე სტუმრად იწვევს ოზურგეთის საზოგადოებას და იწყება მხიარულადს დროისტარება.
.
ავტორი – მ. ჟ.
გაზეთი „კავკაზი“ 1870 წელი 15 (27) თებერვალი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share