„შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციულის მიერ არჩევნების წინ მიღებული გადაწყვეტილებით“ – სტანო

ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო ფორმულას კითხვის პასუხად ამბობს, რომ EU შეშფოთებულია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, TI, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა და მისი ხელმძღვანელობა “საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” ცნონ.

პიტერ სტანო დემოკრატიულ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე საუბრობს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს ხელის შემწყობი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის.

 

“შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნოს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ეკა გიგაური, აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები.

ჩვენ გვესმის, ახლა გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მხოლოდ ერთი თვეა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის არჩევნებისა და მათი მონიტორინგის კონტექსტში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მთავრობისადმი, აღადგინოს ხელის შემწყობი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის.

კერძოდ, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა, მათ შორის ამ კუთხით ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში.

 

ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share