2/3 ჩვენი სიის არის ის ხალხი, ვინც არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში – მიხეილ სააკაშვილი

გახსნილი ვართ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის,  – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას.

მისი თქმით, საქართველო გადამწყვეტი არჩევნების წინ დგას.

„იმ პირობებში, როდესაც ეს რეჟიმი იშლება, იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო დგას ქართველი ხალხის გვერდზე, როდესაც მშვიდობა ერთი ხელის გაწვდენაზეა იმით, რომ ევროკავშირია ერთი ხელის გაწვდენაზე, როდესაც თავისუფლება არის ერთი ხელის გაწვდენაზე, იმიტომ, რომ წინ არის საქართველოსთვის გადამწყვეტი არჩევნები, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ მზად ვართ, გახსნილი ვართ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია მნიშვნელოვნად განახლებულია.

„მე მინდა მივესალმო იმას, რომ ოპოზიცია ერთმანეთში ლაპარაკობს. ამავდროულად, აღვნიშნო – მიხეილ სააკაშვილის ნომერი არის 5 ნომერი. მიხეილ სააკაშვილის პარტია არის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან მიხარია, რომ შევასრულე ჩემი მთავარი დაპირება -2/3 ჩვენი სიის არის ის ხალხი, ვინც არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში. ეს არის განახლება, ახალი თაობა მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში. ეს არის თინა ბოკუჩავა, რომელიც არ ყოფილა არასდროს იმ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში და არ მინდა არავის ვაწყენინო, მაგრამ არის ყველაზე განათლებული ქალი პოლიტიკოსი, 3 საუკეთესო სასწავლებლები აქვს დამთავრებული ამერიკაში და ევროპაში. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანი – გიორგი ვაშაძე, ეს არის ირაკლი ხვადაგიანი, ეს არის გია ჯაფარიძე, ეს არის ბევრი ღირსეული ადამიანი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

 

ჩვენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ვემზადებით გამარჯვებისთვის, პირველი ადგილის ასაღებად და ვემზადებით თანამშრომლობისთვის ყველა არარუსულ პატრიოტულ ძალასთან. იმ 9 წელთან შედარებით, როცა ჩვენ ვიყავით, ყველაფერი შეიცვლება ერთი რამის გარდა – მაშინაც ჩვენ ვიყავით ხალხისთვის და ვემსახურებოდით ხალხს, ახლაც იქნებით ხალხისთვის და მოვემსახურებით ხალხს. არა ვიწრო კლანს, არა ოლიგარქს, არა უცხო პატრონს მოსკოვიდან, არამედ ჩვენ მოვემსახურებით საკუთარ ხალხს, მის მომავალს, მის კეთილდღეობას. საქართველო ახლა არის ქვეყანა მომავლის გარეშე, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება მხოლოდ 1 თვე. მზად ვარ ყველანაირი რეპრესიებისთვის, მზად ვარ ყველანაირი პროვოკაციისთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიდგებით ბოლომდე, მართლაც დავიძვრებით ევროპისკენ და ბოლომდე მოვიპოვებთ მშვიდობიან, დაცულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში. მე მინდა ვუთხრა ყველას – გავიმარჯვებთ სახელოვნად!“- განაცხადა მიხეილ  სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share