85% არ ემხრობა ივანიშვილის მოსაზრებას საქართველოს მიერ ბოდიშის მოხდაზე – Edison Research

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე – ემხრობით თუ არ ემხრობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ომის გამო – 85% პასუხობს, რომ არ ემხრობა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 10-22 სექტემბრის შუალედში.

14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ “უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად”, რადგან “მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share