ივანიშვილის გუნდის წევრი საერთაშორისო პარტნიორებს ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბუნდესტაგი რეზოლუციას დაამტკიცებს, ეს “საქართველოს შიდა საქმეებში გარე ძალების მიერ კოორდინირებული ჩარევა იქნება”.
ამასთან, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტში დამტკიცებულ და გერმანიის ბუნდესტგში წარდგენილი რეზოლუციების პროექტს “ჩალის ფასიც აღარ აქვს”.
უკვე მეოთხედ, ჩალის ფასი კი არა, აღარც ჩალის ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამაზე საუბარი გვიწევს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს უკვე მეოთხედ. სოფელში რომ შეიკრიბონ უხუცესები, ან ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოყვება. მეოთხედ მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ.
ჩვენი მთავარი კითხვაც და პასუხიც ეს არის, რატომ? ამ კითხვაზე ერთადერთი კაცი იყო, ქალბატონი სალომეს საპარლამენტო წარმომადგენელი, რომელმაც გვიპასუხა გამჭვირვალობის კანონზე – იმიტომ. რატომ არის შეურაცხმყოფელი, რატომ არის ამაზრზენი. საიდან მოიტანეს, რომ არის დემოკრატიული გადაწყვეტილება ბუნდესტაგისთვის, თუ კენჭისყრის შედეგად ხმებს მიიღებს.
ეს იქნება კიდევ ერთი ანტიქართული, გარე ძალების მიერ კოორდინირებული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ გორდულაძე კი ირწმუნება, რომ “ქართველი ხალხისთვის მსგავსი ტიპის რეზოლუციასა, თუ განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს”, რადგან გორდულაძის მტკიცებით, “საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რა ხდება ქვეყანაში”.
ნებისმიერი რეზოლუცია იქნება, თუ განცხადება, სადაც საუბარია დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, კითხვა უნდა დავსვათ, რომ საიდან უკუსვლაზეა საუბარი. ანუ, სად იყო დემოკრატია და ახლა სად მიდის. ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი რეზოლუცია, სადაც საუბარი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, განცხადებებზე და პოლიტიკურ საუბარზე, არ აქვს არანაირი ფასი ქართველი ხალხისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს არჩილ გორდულაძე.
ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს – გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
რეზოლუციას, რომელშიც ბევრი ჩანაწერია “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე განიხილავენ.