“ოცნება” ქვეყანას რუსეთისკენ, ჭაობისკენ მიათრევს – ოპოზიცია

ყურადღების ცენტრში ბრიუსელია – ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის ლიდერები უკვე იკრიბებიან. დღეს ევროპულ საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვა იგეგმება.

ევროპელი ლიდერები ამ კვირაში უკვე მეორედ იმსჯელებენ საქართველოს შესახებ და სავარაუდოდ ისაუბრებენ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც.

ევროკავშირის მაღალ ინტერეს ქართული ოპოზიცია მიესალმება და ამბობს, რომ EU ქართველი ხალხის გვერდით დგას.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ცივილიზებული სამყარო კარგად ხედავს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანას რუსეთისკან მიაქანებს:

ევროკავშირში საქართველოსადმი განსაკუთრებული ინტერესი განპირობებულია იმით, რომ დღეს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ, ჭაობისკენ, ანტიდემოკრატიული მომავლისკენ მიათრევს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიანიშნებენ, რომ შეუძლებელია, ქართულმა ოცნებამ შეძლოს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება. საბოლოო გადაწყვეტილება ამ ყველაფერზე დაკისრებულია ქართველ ხალხზე. ჩვენ საკუთარი ნება 26 ოქტომბერს უნდა გამოვხატოთ, გვინდა საქართველო ევროკავშირში თუ გვინდა საქართველო იზოლაციაში, რუსული გავლენების ქვეშ – განაცხადა ირაკლი კუპრაძე. 

ექსპრემიერი, გიორგი გახარია კი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” პარალელურ სამყაროში ცხოვრობს და ამ ქვეყანაში კარგად მმართველი ვერტიკალი და მასთან დაახლოებული პირები ცხოვრობენ.

გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლებას არ ადარდებს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროინტეგრაცია და უკეთესი ცხოვრება უნდა:

ყველა ის რეიტინგები, კვლევები, დაპირებები, რასაც გაკოტრებული ოცნება იძლევა, უბრალოდ, ჩვეულებრივი ტყუილია. რეალობა არის ის, რასაც საქართველოს რიგითი მოქალაქეები აქ ვგრძნობთ. ეს არის ინფლაცია, გაძვირებული ცხოვრება. ეს არის კორუფცია ყველგან. ეს არის ნეპოტიზმი, უბრალოდ უიმედობა. იძულებითი ემიგრაცია, როცა ადამიანები გარბიან ქვეყნიდან. შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ქვეყნების სადაც გაწევრიანება გვინდა. არსებობს ასევე, რაღაც პარალელური, ილუზორული სამყარო, სადაც ის 25 ოჯახი ცხოვრობს – ივანიშვილი, კობახიძე…

ჩვენც გვინდა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის პერიოდში და ჩვენი შვილების წამოზრდის პერიოდში ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მათ ეს არ ადარდებთ” – დასძენს გიორგი გახარია. 

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი პირდაპირ ამბობს, რომ  საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება  ანტიდასავლური, ანტიევროპული ნაბიჯებით ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას ართმევს:

“ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სურთ,  საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე და ნაცვლად იმისა, რომ ამ ისტორიულ შესაძლებლობას ვიყენებდეთ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ანტიდასავლური, ანტიევროპული ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას ართმევს”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share