”ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან და არანაირი რესურსი მხარდაჭერის და თანადგომის არ გააჩნიათ.
კალაძეს თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას შესაბამის ადგილს მიუჩენეს.
“მათ თავისი წრე აქვთ შექმნილი, რომლებიც ბევრი კომპრომატებით, ბულინგით, შეურაცხყოფით დაშინებული ჰყავთ. ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, აბსოლუტურად, რადიკალური ვითარებაა ქვეყანაში.
ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დასჩენიათ არის მცდელობა, რომ გარედან განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, ცდილობენ, რომ რაღაცა პოზიციები გაიმყარონ. ხომ იცით წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო. აი, ასეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს და ზურაბიშვილის განცხადებასაც, რომ “საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია” გამოეხმაურა. მისი თქმით, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები.
“როგორი გამარჯვებაც არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება გამოვიდეს, შეიკრიბოს. ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრება ჩაეხშოთ. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა.
ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ყველაფერი ფეხქვეშ გათელა კანონები და კონსტიტუცია. პირველი უნდა იცავდეს, თუმცა სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს, ასეთ ადამიანს, ქაჯებს როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს”, – აღნიშნა კალაძემ.