„ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინასაარჩევნო ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. ანალიტიკოსთა შეფასებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მისამართით გამოხატული მწვავედ კრიტიკული პოზიცია. ასევე საინტერესო იყო ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრა.
საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 21 ოქტომბერს „იმედის” ეთერში იხილა. 22 ოქტომბერს პოლიტიკური და ანალიტიკური წრეების მსჯელობის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. 23-ში კი დედაქალაქში მმართველი პარტია თავისი წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას მართავს. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან” საუბრისას ივანიშვილის მთავარ გზავნილებს აფასებენ და იმაზე მსჯელობენ, თუ რა ელექტორალური ეფექტი ექნება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ინტერვიუს.
მათი შეფასებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მედიასივრცეში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა „ოცნებამ” ერთგვარ ტრადიციად აქცია, რადგან ივანიშვილი მათთვის „მთავარი კოზირია” და ეს ყოველთვის იძლევა მმართველი პარტიისათვის სასურველ ეფექტს. შესაბამისად, მათი შეფასებით, ამჯერადაც, წინა არჩევნების მსგავსად, სახეზე გვაქვს „ოცნების” მხარდამჭერთა რაიოდენობის ზრდა, თუმცა არა იმდენით, რომ პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მიღება გარანტირებული ჰქონდეს.
პოლიტიკური შეფასებები
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ივანიშვილის მთელი ინტერვიუ იყო – „გეხვეწებით, ფული დამიბრუნეთ და ხელისუფლებიდან წავალო”. ვაშაძის შეფასებით, ივანიშვილის ერთადერთი მიზანი იყო, რომ „ქონება ბოლომდე არ დაიკარგოს”.
„ძლიერი საქართველოს” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილი ინტერვიუსას „სუსტი და შეშინებული იყო” და ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ხელისუფლებაში დატოვება საქართველოსთვის „არის საშიში და უკიდურესად სამარცხვინო”.
ივანიშვილის ინტერვიუს 22 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა გიორგი გახარიამ და განაცხადა, რომ „ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა”, რომელიც მიმართული იყო მის წინააღმდეგ.
„პირველი, რაც მოხდა, ისაა, რომ გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით და ემუქრება ჩემ გუნდს, კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს. მე აბსოლუტურად მინდა თითოეული ჩვენი გუნდის წევრს გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა – ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიცაა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაში მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ მუქარის განმახორციელებელი არ არის, თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და გონივრულობის მიღმაა. ისეთ რაღაცებს საუბრობდა, მე არც გავცემ პასუხს”, – აღნიშნა გახარიამ.
რაც შეეხება მმართველი პარტიის შეფასებას, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, „თუ დამტკიცდა, რომ გახარია თანამდებობიდან სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით გადადგა, მის გვერდით მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები და არჩევნების შემდეგ ღალატის ფაქტები შეიძლება დაიდოს”.
რაზე ისაუბრა ივანიშვილმა
ბიძინა ივანიშვილმა „იმედის” ეთერში გასულ ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილის კითხვების შესაბამისად – ისაუბრა ოპოზიციაზე, არჩევნებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, უცხოური გავლენებისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, 12-წლიანი მმართველობის შედეგებზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, სადაც უკვე გახარიას პარტიასაც მოიაზრებს. ისაუბრა იმაზეც, თუ საიდან წამოვიდა ტერმინი „გლობალური ომის პარტია”.
ისაუბრა ასევე საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებულ სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოებში მიმდინარე პროცესებზე. საკითხზე, სანქცირებული არის თუ არა რეალურად, ივანიშვილმა თქვა, რომ როდესაც უკრაინის ომი დაიწყო „ზუსტად ორ კვირაში, მისი ყველანაირი აქტივი, რომელიც საზღვარგარეთ იყო, ყველაფერი დააყადაღეს”.
„ვისაც გიყვართ ქვეყანა, არ მოგწინთ ივანიშვილიც კი, გამოდით და ხმა მიეცით ერთადერთ ძალას. სამწუხაროდ, არ გაქვთ არჩევანი და ბოდიშს მოგიხდით ამაზე, მაგრამ ეს არაა ჩემი ბრალეულობა. თქვენ გექნებათ არჩევანი ამის შემდგომ, თქვენ გექნებათ არჩევანი, რომ არა „ქართულინ ოცნება”, არამედ მსგავსი და უკეთესი აირჩიოთ – აი, ამ სიტუაციას შევქმნით ჩვენ შემდეგი არჩევნებისთვის. ოპოზიცია იმდენი იქნება, რამდენიც გვინდა. ეს არ არის ოპოზიცია, ხალხო, ეს ბოროტი ძალაა, ეს ქვეყნის მტერი ძალაა, რომლებსაც ქვეყანა ეზიზღებათ. არცერთს საქართველო არ უყვარს. ვისაც ქვეყანა უყვარს და ვინც პატრიოტია, გამოვიდეს არჩევნებზე. არჩევანის გაკეთება არის ძალიან მარტივი. ოთხივე ძალა, ეს ერთი და იგივე ძალაა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას „გარეწარი” უწოდა და მის გუნდს გასამართლება დაუნაონსა ენმ-ს მსგავსად. მისი თქმით, გახარიას გადადგომა პრემიერობიდან 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა.
„ისევ დავუბრუნდები ამ ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას – აი, გახარიას პარტიის წევრები. არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან, ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, შავით თეთრზე დავუმტკიცებთ ყველაფერს – რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის” მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც. რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველო მეორე დღესვე ომში უნდა ჩართოს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც”, – განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი”. მისი თქმით, სწორედ ამან „გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა”.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება და დაამატა, რომ „ოცნებისთვის” ამერიკა სულ პრიორიტეტული იყო”.
რატომ გახარია
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, ივანიშვილს გახარიასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად რადიკალური პოზიცია აქვს. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების გასამართლებას, ანჯაფარიძის აზრით, აქ ყველა პარტია არ იგულისხმება.
„გახარიას მისამართით გამოთქმული მოსაზრებები იქიდან გამომდინარეობს, რომ გახარიას დაწინაურებით, მან (ივანიშვილმა) საკადრო შეცდომა დაუშვა. ექსპერტი ხუხაშვილი ყვებოდა, როგორ მოხდა გახარიას დაწინაურება – მან გახარიას სივი შეუტანა, რის საფუძველზეც „ოცნებაში” ყურადღება მიაქციეს, მათ შორის ივანიშვილმაც და ამის მერე თანამდებობრივი წინ წაწევა დაიწყო. ამის მერე იყო უკვე გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯები – კრიტიკულ მომენტში „ქართული ოცნებისგან” განდგომა (გადადგომა), რომელიც, როგორც გაირკვა, მელიას დაკავებასთან არ იყო კავშირში და სულ სხვა მიზეზები დაასახელეს. როგორც ჩანს, ივანიშვილი ამას განიცდის და ამიტომაც ჰქონდა ასეთი მწვავე რეაქცია მის (გახარიას) საქციელზე.
„მას არ უთქვამს, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას გაასამართლებს, ეს ტერმინი ფართო ინტერპრეტაციით გამოიყენება, ძირითადად ენმ და მისგან აღმოცენებულ პარტიებზეა. თორემ საქართველოში არიან ოპოზიციური პარტიები და მათ მიმართ „ოცნებას” პრეტენზია არ აქვს. „ლელო” ამ კონტექსტში სიტყვითაც არ უხსენებია საერთოდ.
„ვიღაცეებს უნდათ წარმოაჩინონ, რომ მთელ ოპოზიციას უპირებენ გასამართლებას, რათა დასავლეთში მერე ეს კარგად „გაყიდონ” – რომ თითქოს დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციას ასამართლებენ. თუმცაღა, ამაზე საუბარი ნაადრევი მეჩვენება, რადგან ჯერ არჩევნები უნდა შედგეს და ამის შემდეგ ვინ როგორ მოიქცევა, ვნახავთ.
„ქართული ოცნების” ბოლოდრიონდელი რიტორიკა დასავლეთის მიმართ ალბათ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. აშკარად ჩანს, რომ ის დასავლეთზე სერიოზულადაა ნაწყენი, რაც განპირობებულია როგორც ზოგადად ბოლო პერიოდში დასავლეთის მიდგომებით საქართველოს მიმართ, ისე პირადად მის მიმართაც. ეს ძალიან მკაფიოდ ახსნა კიდეც, თუ როგორ უსამართლოდ მოექცენ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინსტანციაში სასამართლო მოიგო”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ივანიშვილისა და „ოცნების” მხრიდან განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი ექსპრემიერი გიორგი გახარია და „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე არიან. მიზანი კი მათი ამომრჩევლის გადაბირებაა, რაც მმართველ პარტიას ენმ-ის ამომრჩეველთან არ გამოუვიდა.
„გახარია-ხაზარაძე „ოცნების” მხრიდან განსაკუთრებული დარტყმის ობიექტია. ენმ-სა და გვარამია-მელიას დაჯგუფებას ენმ-ის ყოფილი ამომრჩეველი ჰყავთ, რომელსაც „ოცნება” 12 წელია ებრძვის, მაგრამ მათი „ოცნებისკენ” წამოყვანა, ან იმის იძულება, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, შეუძლებელია.
„გახარია-ხაზარაძის ელექტორატის ძირითადი ბირთვი „ოცნების” ყოფილი ამომრჩეველია და სწორედ ეს ამომრჩეველია მმართველი პარტიის ლიდერების სამიზნე, რომ მინიმუმ ეს ელექტორატი არჩევნებზე არ მივიდეს და მაქსიმუმ თავის მხარეს გადაიყვანონ.
„ივანიშილი ფიქრობს, რომ თუ ამ ოთხ ძალას გაანადგურებს, ეს ამომრჩეველი ზოგი მისკენ წავა, დანარჩენი კი იმ პარტიაში გადაჯგუფდება, რომელიც ივანიშვილისთვის უფრო მისაღები იქნება. ფაქტიურად, სატელიტზეა ლაპარაკი.
„როცა მან ხორავას ქუჩის მაგალითი მოიყვანა, 27 ოქტომბერი კი არა, საშიშია მთლიანად ამის შემდგომი პერიოდი, რადგან, თუ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რჩება, ჩათვალეთ, რომ ჩვენი მთელი ქვეყანა ნელი მოქმედების ნაღმზე ზის, რომელიც როდის აფეთქდება და რა იქნება დეტონაციის მიზეზი, კაცმა არ იცის. 2028 წლამდე, სამწუხაროდ, ვერ მივაღწევთ.
„დღეს „ოცნება” ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის იმდენად მიუღებელია, რომ თუ ის რაღაც გადაბირებებით და მოსყიდვით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს, ჩავთვალოთ, რომ იმ დღიდან ნაღმზე ვართ. ელემენტარული ხორავას ქუჩის მსგავსი რამ რომ მოხდეს, უკმაყოფილება სპონტანურად ამოიფრქვევა, რასაც უკონტროლო პროცესები მოჰყვება, რაც ქვეყნისთვისაც და მმართველი ძალისთვისაც დამღუპველი იქნება”, – განაცხადა ძაბირაძემ.
შეარბილა თუ არა ივანიშვილმა ტონი დასავლეთთან
კითხვაზე, ხომ არ შეარბილა ტონი ივანიშვილმა აშშ-სთან მიმართებაში, ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ ეს აშკარად შეიმჩნეოდა.
„დიახ, აშშ სუპერ სახელმწიფოა და შესაბამისად, მასთან დაპირისპირება საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული აშშ-ის დახმარებაზე და კეთილგანწყობაზე, არაა მომგებიანი. ის, რომ მან აშშ-ის ელჩთან მიაღწია შეთანხმებას, რომ არჩევნების შემდეგ შეხვდება, რაზეც ადრე უარს ამბობდა, მნიშვნელოვანი მარკერია იმისა, რომ „ქართული ოცნება” ამერიკელებთან ურთიერთობების გადატვირთვას აპირებს. რა და როგორ იქნება, ამას არჩევნების შემდეგ გავიგებთ, მაგრამ ახლა ამ განცხადებით შეეცადა ამომრჩეველი დაერწმუნებინა, რომ სულაც არაა ისე საქმე, რომ „ოცნებამ” დასავლეთს ზურგი აქცია”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან” ამბობს, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების მიზეზად, ივანიშვილმა პირადი მიზეზი მიზანმიმართულად დაასახელა, რადგან პოლიტიკური მოტივი არამომგებიანი იქნებოდა.
„როცა ივანიშვილისნაირი პიროვნება ლაპარაკობს იმაზე, რომ მე კომპლექსები მაქვსო, ცოტა ძნელი დასაჯერებელია. ეს ის ადამიანია, რომელიც, რაც კი ასპარეზზე გამოვიდა, იძახის, რომ ყველაფერში მაგარი ვარო და ახლა აღიარება, რომ კომპლექსები მაქვს, რაღაც არაბუნებრივი მეჩვენება.
„ერთის მხრივ, მან აღიარა, რომ დასავლეთთან და აშშ-სთან ურთიერთობა დაყადაღებული ანგარიშების გამო ჰქონდა გაფუჭებული, მაგრამ, მეორეს მხრივ, სხვა რა მიზეზი უნდა დაესახელებინა? პოლიტიკური მიზეზის დასახელება არ ივარგებდა. ამით კი საკუთარ პერსონას უფრო ნაკლები დარტყმა მიაყენა, ვიდრე თუ პოლიტიკურ მიზეზს იტყოდა, რომელიც შესაძლოა არც ამერიკაში მოსწონებოდათ და არც მოსკოვში”, – განაცხადა ძაბირაძემ.
რამდენად მომგებიანი იყო ივანიშვილის წინასაარჩევნო ინტერვიუ „ოცნებისთვის”
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ორშაბათის ინტერვიუს თავისი წინასაარჩევნო დანიშნულება ჰქონდა და ივანიშვილმა მასში ისეთ თემებზე ისაუბრა, რაზეც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ვერ ისაუბრებდა. რაც შეეხება ამის ელექტორალურ ეფექტს, ანჯაფარიძის აზრით, როგორც მინიმუმ, ეს ინტერვიუ „ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობას არ შეამცირებს.
„ყოველ შემთხვევაში, წამგებიანი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის როლი, ერთის მხრივ, „ქართულ ოცნებაში” და მეორეს მხრივ, ქართულ პოლიტიკაში. ერთია წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლა და მეორეა შედარებით ღია და გულახდილი საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე.
„გასაგებია, რომ ივანიშვილი დასკვნით შეხვედრაზე იმას ვერ იტყოდა, რაც ამ ინტერვიუში თქვა. შესაბამისად, ინტერვიუს სხვა პოლიტიკური დატვირთვა აქვს და საჯარო გამოსვლას – სხვა. ჩემი აზრით, ეს იყო საჭირო წინასაარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ როგორც წესი, ივანიშვილის წინასაარჩევნო გამოსვლა მმართველი პარტიის მთავარი კოზირია ხოლმე და წელს ამან გაამართლა. ძაბირაძის შეფასებით, ბოლო ერთ კვირაში „ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა თვალშისაცემად გაიზარდა.
„როგორც წესი, „ქართული ოცნებისთვის” ეს არის ხოლმე მთავარი კოზირი. 23 ოქტომბერს დიდი აქცია იქნება თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სააკაშვილმა 2012 წელს დინამოს სტადიონი გაავსო, მაგრამ ამან არ უშველა და არც მანდ არ უშველის.
„ჩემი შეფასებით, „ოცნებამ” ბოლო კვირაში ამომრჩევლებთან მიმართებაში გარკვეული პროგრესი განიცადა. ვფიქრობდი, რომ მისთვის მაქსიმუმი 35%-მდე იყო, მაგრამ გარემოებები მათ სასარგებლოდ შეიცვალა და შესაძლოა, 40%-საც უახლოვდებოდეს. მაგრამ ის, რომ უმრავლესობა გარანტირებული აქვს, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ .