საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ევროპულ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პრეზიდენტი სვენია ჰანი და ლიბერალური ინტერნაციონალის პრეზიდენტი ჰაკიმ ელ ჰაიტი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
განცხადებაში ისინი მიუთითებენ, რომ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის თავზე გაურკვევლობისა და შიშის მძიმე ღრუბელი დატოვა.
ორგანიზაციების პრეზიდენტები მინიმუმ 5 სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინასწარ ანგარიშებს ეყრდნობიან დაშინებითა და დარღვევებით გამორჩეულ გარემოზე და აღნიშნავენ, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს.
ასევე ამბობენ, რომ შეშფოთებული არიან 26 ოქტომბერს არჩევნების დღესა და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების დიდი რაოდენობის გამო.
“სადამკვირვებლო მისიების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და იძულებით, ხმების მოსყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევით და ხელისუფლების მიერ საჯარო ადმინისტრაციული რესურსების არაპროპორციული გამოყენებით.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც ამ გადამწყვეტი არჩევნების ჩატარებას გმობენ, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ ურთიერთობებს ევროკავშირთან.
ჩვენ უარვყოფთ ძალადობაზე, დაშინებასა და ქართული ოცნების მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულ შემცირებაზე დაფუძნებულ შედეგს და ვაღიარებთ ქართველთა უმრავლესობის სურვილს, გაჰყვნენ ევროატლანტიკურ გზას და უარი თქვან რუსეთის მცოცავ გავლენაზე თავიანთ ქვეყანაში.
საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნათელ გზაზე დამყარებული მომავალი, რუსული გავლენისგან თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სრული პატივისცემით – აღნიშნული მიზნის მიღწევისას მათ ყოველთვის ექნებათ ლიბერალური ინტერნაციონალისა და ALDE-ს პარტიის მხარდაჭერა”, – ნათქვამია განცხადებაში.