საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ფაქტი “უცნაურად ემთხვევა დიმიტრი მედვედევის მითითებებს”.
“მოეშვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას”- მიმართა ზურაბიშვილმა პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ.
საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ეკრანზე აჩვენა დარღვევების ჩამონათვალი, რომელიც ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გადაიღეს.
პრეზიდენტმა ისაუბრა მესამე სექტორის მტკიცებულებებზე, რომლებიც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებენ.
”ახლა პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს. არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ არა.
ამ მომენტისთვის, ცესკოში შეტანილია 1100-ზე მეტი საჩივარი. მოთხოვნა შედეგების გაბათილების უშუალოდ 246 უბანს ეხება, რაც თავის მხრივ 400 ათასამდე ამომრჩეველს ეხება. პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული გავლენა თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხია დასმული, რის შედეგადაც შეიძლება 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასე რომ, პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს თუ შეუძლია პროკურატურას იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.
საზოგადოება განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას, ხედავს თუ რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემს მიმართ. მადლობელი ვარ, მივიღე ძალიან ბევრი გზავნილები, რომ „ნუ გეშინია“. არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი წყნარად იქნება, მშვიდობიანად და უნდა დადგეს ამ არჩევნების რეალური შედეგები”, – ამბობს პრეზიდენტი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.