საქართველოში არჩევნები ვერ შედგა. იგი ვერ იყო სამართლიანი და თავისუფალი. ამიტომ, არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებს.
„ევროკომისიის ანგარიშში არაფერი არის გასაკვირი. საქართველო ამ არჩევნების და მსგავსი დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებს მარტივი მიზეზის გამო- ევროკავშირის მთავარი სატესტო საკითხი არის დემოკრატია. მას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ეს საკითხი კონკრეტულად არჩევნებს უკავშირდება. საერთაშორისო შეფასებები არის გასაგები. საქართველოში არჩევნები ვერ შედგა. იგი ვერ იყო სამართლიანი და თავისუფალი. ამიტომ, არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა“, – განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ თუ საქართველო არ შეატრიალებს მოქმედების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირის გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, კომისია ვერ შეძლებს განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია.
ევროკომისია აცხადებს, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ვალდებულება განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.
მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ, ისევე როგორც ქართველი ოფიციალური პირების ძლიერმა ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებმა, მძიმედ დააზარალა საქართველოს ევროკავშირის ტრაექტორია.