„წარმოუდგენელია, ამ ვითარებაში ეს ქვეყანა განვითარდეს – რა უნდა ვუთხრათ ახალგაზრდებს, რატომ ვუბიძგოთ ემიგრაციაში წასვლა?!“

„რა პერსპექტივა აქვს 21-ე საუკუნეში ქვეყანას, თუ მისი არჩევნები ამერიკელმა, ევროპელმა პარტნიორებმა არ აღიარეს, ჩინოვნიკები დაუსანქცირეს,“ – ასე გამოეხმაურა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებასა და ამერიკისა თუ ევროპელი ლიდერების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს.

„წარმოიდგინეთ – შესაძლო არჩევნებარაღიარებული ქვეყანა, სანქცირებული ჩინოვნიკებით და მთავრობის წევრებით, არასტაბილური ეროვნული ვალუტით და შეწყვეტილი ვიზალიბერალიზაციით – რა პერსპექტივა აქვს ასეთ ქვეყანას 21-ე საუკუნეში?! ეს დაუყოვნებლივ იმოქმედებს ყველა იმ პროცესზე, რომელიც ქვეყანას ავითარებს. ვერავინ ჩვენს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, თუ ჩვენ თვითონვე დავალაგებთ შიდა საქმეებს და პოლიტიკურ განწყობებს, როგორც ოპოზიციასა და ხელისუფლებაში, ასევე მოსახლეობაში,“ – აღნიშნა ჭუმბურიძემ.

მისი თქმით, როდესაც ასიათასობით ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს არჩევნებს, ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და თუ მართლა ამდენი მხარდამჭერი ჰყავს ხელისუფლებას, მითუმეტეს არ უნდა შეეშინდეს და დამაჯერებლად მეორედ მტკიცედ უნდა გაიმარჯვოს.

„უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, თუ ვინ მოიგებს, არამედ პრინციპზეა, რომ დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები და ასევე აუცილებლად შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც ის სამართალს იპოვის. წარმოუდგენელია, ამ ვითარებაში ეს ქვეყანა განვითარდეს. თუ ეს ყველაფერი არ დალაგდა, თუ შეგვრჩა ერთპარტიული პარლამენტი, თუ აღარ იქნა დონორების მხრიდან დახმარებები, რა უნდა ვუთხრათ ახალგაზრდებს, რატომ უნდა ვუბიძგოთ ემიგრაციაში წასვლა, რაც ჩვენთვის კატასტროფაა,“ – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share