საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საჯარო პოლიტიკის პროფესორი, ჰანს გუტბროდი ვრცელ სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს.
პოლიტიკის მკვლევარი წერს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს, რადგან არჩევნები სამართლიანი და კონკურენტული არ ყოფილა.
ნაშრომში ცნობილ დარღვევებსაც შეხვდებით. პროფესორი ყვება ანომალიურ მაჩვენებლებზე, რომელსაც “ოცნების” მხარდაჭერის არაბუნებრივი ზრდა აჩვენებს. დამატებით 190 ათასი ამომრჩეველი არა მხოლოდ ლოგიკას სცდება, არამედ ყველა კვლევით მონაცემთან წინააღმდეგობაში მოდის. ავტორის ინფორმაციით, ამ რეიტინგს არც “ოცნების” მიერ ბოლოს ჩატარებული შიდა კვლევა პროგნოზირებდა.
დოკუმენტში ასევე საუბარია მასშტაბურ მოსყიდვაზე და დათვლილია, რომ მმართველმა პარტიამ ხმების მოსაპოვებლად დაახლოებით 45 მილიონი ლარი დახარჯა. ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე საუბარი ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნებამდე პერიოდში დაიწყეს. მათ შორის, ამას ადასტურებს მედიით გავრცელებული ცნობებიც და კადრები კენჭისყრის დღიდან. თუმცა, მთავარი პრინციპი, რაც ამ არჩევნებში დაირღვა, ხმის ფარულობაა, რომელიც კონსტიტუციით დაცული უფლებაა. ჰანს გუტბროდი წერს, რომ ეს წინასწარ ცნობილი პრობლემა იყო, რომლის მოგვარება ცესკომ ვერ ან არ შეძლო.