უსაფრთხოების ნორმების დაუცველად, ცხოველის გასეირნებაზე, რასაც ადამიანის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამოქმედდეს. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა კახა იოსელიანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, უკვე არსებობს კანონპროექტის „შავი“ ვერსია, სადაც რამდენიმე ვარიანტია შესული. სწორედ ერთ-ერთ რეგულაციად, შესაძლოა, ძაღლის გაწვრთნის ვალდებულება შემოვიდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ უსაფრთხოების ზომების დარღვევას, ადამიანის, ან სხვა ცხოველის ჯანმრთელობის დაზიანება (მოსპობა) მოჰყვება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„კანონპროექტი შემუშავდა, გარკვეული რედაქცია უკვე არსებობს, ჩამოყალიბებული ფორმით. ამ ეტაპზე, დარგის სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად კოორდინირებულად, საბოლოო რედაქციის შემუშავება, ასევე, მათი რეკომენდაციების, შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ შავი ვარიანტია, იქ რამდენიმე ალტერნატივა განიხილება, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აქ ახალი არაფერია, ეს არის ამ სფეროში წინ წასული სხვადასხვა ქვეყნის, (ვგულისხმობ, მაღალი სტანდარტებით რომელი ქვეყნებიც გამოირჩევიან ცხოველთა უფლების დაცვითა და უსაფრთხოების ზომებით) რეგულაციები. მაგალითად, არის ცხოველთა გაწვრთნის ვალდებულება და ძალიან მკაცრი სანქციებია, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები, ამ ნორმების დაუცველობის შემთხვევაში. ასევე, არის კონკრეტული ჯიშების აკრძალვის პრაქტიკა, ევროპის ქვეყნებში და არამარტო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, ქართულ რეალობაში, ისეთი რეგულაციის შემოღებაზე, რომელზეც იქნება კონსენსუსი.
სხვადასხვა ქვეყნებში პრაქტიკა ასეთია, თუ მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოხდა, მაგალითად, ადამიანი, რომელიც არღვევს გასეირნების წესს (ან ვთქვათ, ცხოველი არ ჰყავს გაწვრთნილი, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველია), და ამას შემდგომ მოჰყვება სხვა ადამიანის, ან ცხოველის ჯანმრთელობის მსუბუქი/მძიმე დაზიანება, ან სიცოცხლის მოსპობა, ამ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მსგავსი შინაარსის ნორმა, ამ კანონპროექტშიც გათვალისწინებულია და ეს ვარიანტიც განიხილება, რომ დაკანონდეს. თუ ადამიანი უხეშად არღვევს ცხოველის გასეირნების წესს, ანუ უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობა ცხოველთან მიმართებით, რასაც მოჰყვება ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის დაზიანება, ესეც რომ გახდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.
მეორე ვარიანტია, რომ კონკრეტული, აგრესიული ჯიშის ძაღლები აიკრძალოს, რაც ძალიან ბევრ პრობლემას აგვარიდებდა თავიდან. იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კვირა არ გავა, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდეს, სწორედ ამ აგრესიული ჯიშის ძაღლების მხრიდან”,- განაცხადა კახა იოსელიანმა.