დღეს უკრაინაში პუტინის რუსეთის აგრესიის მე-1000 დღეა

დღეს ზუსტად 1000 დღე შესრულდა მას შემდეგ რაც პუტინის არმია უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო.  თარიღს დასავლეთში ეხმაურებიან. განცხადებები გაავრცელეს ევროკავშირის ლიდერებმა.

“2022 წელს რუსეთი ფიქრობდა, რომ მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა.
1000 დღის შემდეგ უკრაინა მამაცურად ირძვის ბრძოლის ველზეც და სამოქალაქო ობიექტებზე კრიმინალური თავდასხმების წინააღმდეგაც.
ამაღამ ჩვენ შენობებს ამშვენებს უკრაინის დროშა, რათა პატივი მივაგოთ უკრაინელ კაცებსა და ქალებს.” წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი  X-ზე.

“ვაჟკაცობის, დაუმორჩილებლობისა და გამბედაობის 1000 დღე.
წინააღმდეგობებზე გამარჯვების  1000 დღე. ერთად დგომის 1000 დღე, როგორც ერთი ოჯახი, რომელსაც აქვს საერთო მომავალი.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება” – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე.

“ათასი დღეა, უკრაინა მამაცურად ეწინააღმდეგება უკანონო და გაუმართლებელ აგრესიულ ომს.

ათასი დღეა, რუსეთი ახორციელებს თავის იმპერიალისტურ და სასტიკ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და არღვევს გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს.

ათასი დღის განმავლობაში ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, რათა უზრუნველვყოთ თავისუფლების, მშვიდობისა და სამართლიანობის ტრიუმფი.

ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა.”  წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

“1000 დღის განმავლობაში უკრაინა დაუღალავად იბრძვის თავისი მიწისა და თავისუფლების დასაცავად წარმოუდგენელი გამბედაობით.
ეს ბრძოლა ეხება რწმენის აღდგენას სამყაროზე, სადაც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პატივს სცემს.
მოლდოვა თქვენს გვერდით დგას – ახლა და ყოველთვის.” ამბობს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.

“1000 დღე. უამრავი ისტორია გულისტკივილის, გამძლეობისა და იმედის შესახებ.
უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.
განაგრძეთ უკრაინელი გმირების მხარდაჭერა სამართლიანობის აღსრულებამდე.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, ახლა და ყოველთვის.” წერს “ევროპის სახალხო პარტია”.

პუტინის საოკუპაციო არმიამ კი აგრესიის მე-1000 დღეს მორიგი აგრესიული თავდასხმა განახორციელა და სუმის ოლქზე საჰაერო დარტყმა მიიტანა. ქალაქ გლუხოვში კი რუსული დრონით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share