
ოზურგეთში მორიგი საპროტესტო აქცია სახელწოდებით ”არა მოძალადე რეჟიმს” გაიმართა.
მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლების ქმედებები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათი თქმით, მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმის და ქვეყანაში ტერორს ამყარებს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული პირების გათავისუფლება და თავისუფალი არჩევნებია. მოქალაქეებმა მშვიდობიანი მსვლელობით ჯერ პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი აქცია ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან დაასრულეს.
ოთარ რევიშვილი – სამოქალაქო “მოძრაობა თავისუფლებისათვის” ლიდერი, აქციის ორგანიზატორი:, „რუსული ხელისუფლების“ ეს ნაბიჯი, რომელიც ირაკლი კობახიძის პირით იყო გადმოცემული, ქართველი ხალხის კიდევ ერთი შეურაცხყოფაა:
„რაიკომის წინ გვქონდა აქცია (საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობაზე) და ახლა ვაპირებთ შევუერთდეთ თბილისში გამართულ აქციას. ეს ქვეყანა არის ჩვენი და აქედან გამომდინარე არანაირად არ ვიქნებით რუსეთში. ჩვენი გზა ევროკავშირშია და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ“, _ გვითხრა ოთარ რევიშვილმა.
ირმა გორდელაძე: სამოქალაქო აქტივისტი; “ვიდგები მოქალაქეებთან ერთად ქუჩაში, სანამ საქართველო რუსული ხელისუფლებისგან არ გაიწმინდება. არალეგალურები არიან, კანონი და კონსტიტუცია იღლიაში აქვთ ამოდებული. ყველანაირ ზღავრს სცდებიან და შეტევაზე ჩვენთან გადმოდიან, ამდენი ხანი ვიბრძოდით თავისუფლების და დემოკრატისითვის და ერთ მუჭა მედროვეებს საქართველოს ისტორიულ ბედ-იღბალს ვერ გადავამსხვრევინებთ. აქ ვიდგებით მანამდე, სანამ არ გაიწმინდება საქართველო რუსული ხელისუფლებისგან. არ გვეშინია. არ დავთმობთ სამშობლოს “, – ამბობს ირმა გორდელაძე
ლელა ცინცაძე; სამოქალაქო აქტივისტი; “რეპრესიები 28 ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რიტორიკის დონეზეც არ სჭირდებოდა ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნება. ეს ნიშნავს რეჟიმის სისუსტეს, რადგან მათ გადაწყვეტილებას – შეეჩერებინათ ევროინტეგრაციის პროცესი – ათეულ თასობით მოქალაქე, ასევე კეთილსინდისიერი და ღირსეული საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ; მათ მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა და შეშინებული რეჟიმისგან მიიღეს რეპრესიები“, – ამბობს ცინცაძე.
მისივე თქმით, საქართველოში, პარტიული გავლენები ყველა ხელისუფლების დროს იგრძნობოდა, მაგრამ ამ მასშტაბის რეპრესიები საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე აქამდე არასდროს ყოფილა.
„ქართული ოცნებისთვის“ საჯარო სამსახურიც პარტიული დანამატია; მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესის ნაცვლად, მთავარია პარტიული ინტერესია და სახელმწიფო ბიუჯეტი კი, პარტიული ყულაბაა. ეს არის საჯარო სექტორის უდიდესი შეურაცხყოფა“, – ამბობს ქალბატონი ლელა.









