არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ შენ თავს არ გრძნობ კარგად. მთელი ცხოვრება ერთი გრძელი დღეა, დილიდან საღამომდე. ამ ერთ დღეში იმდენი რამეა მოსასწრები, უმნიშვნელო, უაზრო საუბრებში და ფიქრებში დრო არ უნდა გაფლანგო.
საკუთარი თავი უნდა გამოზარდო… ბევრი გაქვს გამოსასწორებელი…
ნურც იმას მიაქცევ ყურადღებას, თუ სხვა ასე არ იქცევა. მან ისაუბროს შენზე… თქვას რაც სურს… დაგწამოს ცილიც, იჭორავოს, განგიკითხოს. ამაზე ნერვები არ უნდა აგეშალოს. ეს მისი არჩევანია. რა ქნას, კომპლექსებმა დატანჯა… თავს ვერ მოერია, სულ რაღაცის მტკიცებაშია.
მუდამ იმას ცდილობს, დაგარწმუნოს ქალაქელია და არა პროვინციელი. დღემდე ვერ მიხვდა, რომ ქალაქელობა და პროვინციელობა გეოგრაფიული მდებარეობით არ განისაზღვრება. ის სულის თვისებაა, რომელიც ღირებულებებზე გადის.
პროვინციელი ხარ აბა რა, ქალაქის ცენტრში რომ დამკვიდრდები და მაინც ჭოგრიტით აკვირდები ვის სად ამოუბრუნდება ფეხი, ვინ რა შეცდომას დაუშვებს.
არც ამაზე ღირს მსჯელობა. ზოგი ისეთი უტიფარია, მარტო წიგნის სათაური აქვს წაკითხული და შენ რომ იმ წიგნზე დისერტაციაც გქონდეს დაცული, მაინც გიმტკიცებს რომ შენზე მეტი იცის…
თუ ასეთს აყევი, მხოლოდ შენი ბრალია…
ჰოდა, იმ ერთ დღეში, მთელი ცხოვრება რომ ქვია, ნუ შეეცდები სხვისი კომპლექსები გამოკვებო… შენი ცხოვრება დაალაგე, მერე გაშალე ხელები და თამამად თქვი ესმერალდას სიტყვები ,,ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება მშვენიერია”!..
მამა პეტრე