რუსებს შორის უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად საქართველო მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ტაილანდი უსწრებს.
კერძოდ, წელს უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილი 13,6%-ია. შედარებისთვის: 2023 წელს საქართველო მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო. ამის შესახებ rbc საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio со-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
წელს რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა, 2023 წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა, ხოლო მასიური რელოკაციის 2022 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მოიკლო. ექსპერტები ქვეყნით დაინტერესების ზრდას შესვლის დაბალი ბარიერით ხსნიან, რაც 35 ათასი დოლარიდან იწყება. მიზეზი, ასევე, საქართველოში რუსების ნაწილის რელოკაციაა.
წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროების წილი მთლიან განაცხადებში 7,5%-ია, ხოლო მოთხოვნა წლის განმავლობაში 21%-ით შემცირდა. ეს მაშინ, როცა 2023 წელს საემიროები ლიდერობდა, ხოლო წლევანდელი ლიდერი, ტაილანდი მესამე ადგილს იკავებდა. მეორე ადგილზე საქართველოს ნაცვლად გასულ წელს საბერძნეთი იყო.
რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარული ქვეყნების წლევანდელი ტოპ 10-ეული ასეთია:
- ტაილანდი – 14.7% (+38%)
- საქართველო – 13.6% (+10%)
- არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 7.5% (-21%)
- საფრანგეთი – 6.5% (-10%)
- ესპანეთი – 6.3% (-17%)
- საბერძნეთი – 6.3% (-19%)
- თურქეთი – 5.6% (-25%)
- კვიპროსი – 5.3% (+15%)
- ინდონეზია – 4.7% (+30%)
- ჩეხეთი – 4,1% (+55%)
რაც შეეხება უცხოეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნებს, ისინი წლის განმავლობაში, თითქმის, არ შეცვლილა. NF Group-ის მონაცემებით, წელს რუსი მყიდველების 71% უძრავი ქონების საზღვარგარეთ შეძენას განიხილავს, როგორც მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას. 2023 წელს ეს მონაცემი 72%-ს შეადგენდა. ამასთან, 12% (2023 წლის 19%-ის წინააღმდეგ) ასეთ გარიგებას ინვესტიციად, ხოლო 17% (2023 წლის 9%-ის წინააღმდეგ) საკუთარ საცხოვრებელ ადგილად განიხილავს.
bpn.ge