ანდრო ჭიჭინაძის დედა უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს – როგორც ლიკა გუნცაძემ განაცხადა, ბევრი გეგმა აქვს.
გამწარებულ დედებზე საშიში და უარესი არავინ არ არის – აცხადებს მსახიობის დედა.
რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, “სინდისის პატიმრის” დედას მოსამართლის ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს, თუმცა სადღაც მაინც იმედოვნებს, რომ ხვალ მოსამართლის სინდისი გაიმარჯვებს.
ლიკა გუნცაძე ახალგაზრდების პროტესტზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ახალგაზრდებმა ულამაზესი, უკომპრომისო საქართველო დაგვანახეს”.
”ხვალ დიდი დღეა ჩემთვის. ანდროსთან ერთად კიდევ არის 10 პატიმარი. აბსოლუტურად ყველას ისევე ვგულშემატკივრობ, როგორც ანდროს. სამართლიანობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს, მაგრამ 1-10 % მაინც მაქვს, მჯერა, რომ მოსამართლის სინდისი გაიმარჯვებს, ერთპიროვნულად გადაწყვეტას და არა ზემოდან კარნახით. რატომღაც მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანი, რომელმაც ხვალ უნდა გადაწყვიტოს 11 ბიჭის ბედი, რომ მასში სინდისი გაიღვიძებს.
ახალგაზრდები არიან უკომპრომისოებაი, ახლა სრულიად ახალი რენესანსი იბადება, რაც ანგრევს ამათ. ულამაზესი, უკომპრომისო საქართველო დაგვანახეს მათ. სრულიად უკომპრომისო ბრძოლას დავიწყებ და ბევრი გეგმა მაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამწარებულ დედებზე საშიში და უარესი არავინ არ არის”, – ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა.
10 იანვარს 10:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი უნდა ჩატარდეს, საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები მხარდაჭერას გამოუცხადებენ ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
წინასასამართლო პროცესი 5 მარტისთვისაა გადადებული, ხვალინდელ პროცესზე კი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს გაუხანგრძლივებს თუ არა ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას.
ცნობისთვის, ცნობილი მსახიობი საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
აქამდე მათი ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და გიორგი გიორგაძის საქმე კი, ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.