გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს ევროკავშირის დონეზე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ამის შესახებ საქართველოზე ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: “თავისუფალი დემოკრატიული პარტიის” (FDP) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერი ულრიხ ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერი იურგენ ჰარდტი, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” (SPD) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერი ნილს შმიდი და “ალიანსი 90/მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის” სპიკერი დებორა დიურინგი.
ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ.
„ეროვნული დონეზე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უკვე დაწესებულია ცხრა ძირითადი პასუხისმგებელი პირის მიმართ. მივესალმებით, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გამოცდას გადის და მრავალი მხარდაჭერის ღონისძიება უკვე შეჩერებულია ან აღარ არის დამტკიცებული.
ჩვენ ვიმეორებთ მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების, კეთილდღეობისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართ. მტკიცედ ვდგავართ საქართველოში დემოკრატების გვერდით და გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რომ ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დააბრუნონ. ახლა საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასასრულს შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები”,- წერია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ეს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებას და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
“ჩვენ ვგმობთ პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეწყვიტოს მცდელობები ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკუთარი დაპირებების საწინააღმდეგოდ. ეს წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებთან ევროკავშირში ინტეგრაციისკენ”,- წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა და გაწევრიანების პროცესი წინ წაიწიოს რეფორმების ვალდებულებების შესრულებით, „ქართულმა ოცნებამ“ მზარდი ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი აიღო. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება არჩევნებში სერიოზული ჩარევისა და მანიპულაციის შესახებ.
განცხადებაში საუბარია საპროტესტო აქციებზე და შეშფოთებაა გამოთქმული დემონსტრანტების უფლებების შელახვასთან დაკავშირებით.
“საქართველოში საპროტესტო აქციებმა უკვე კრიტიკულ წერტილს მიაღწია. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა უშიშროების ძალების მხრიდან ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს. არსებობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან რეპრესიების გაზრდის რისკი.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენებას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აქციის მონაწილეების დაკავება. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ”,- წერია განცხადებაში.