გურიის მოამბე

უნდა შევახსენოთ მოსამართლეებს, რომ დრონი მეფობენ და პასუხისმგებლობა ყველას მიადგება – ტატო ქელბაქიანი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რიგითი მოქალაქეების გარდა, უკანონოდ დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრებიც დგანან. ტატო ქელბაქიანი  სოლიდარობას უცხადებს თითოეულ იმ პირს, რომელსაც ხელბორკილები სამშობლოს სიყვარულისთვის დაადეს.

პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქე დარწმუნებულია, რომ რეჟიმის მსახური ყველა მოსამართლე სისხლის სამართლებრივი წესით უახლოეს მომავალში დაისჯება.

“უნდა შევახსენოთ მოსამართლეებს, რომ დრონი მეფობენ და პასუხისმგებლობა ყველას მიადგება” – ამბობს იურისტი, რომლის არასრულწლოვანი შვილიც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.

”ძალიან რთულია ამ სასამართლოსგან მოლოდინი გქონდეს. ქოფი ფეისთით გადააქვთ პროკურორების მიერ მიწოდებული ტექსტი. არანაირ სამართალთან ამას კავშირი არ აქვს. ეს ადამიანები არიან ტყვეები და რეჟიმი ცდილობს, ტყვეებით ივაჭროს. მე ყველა პოლიტპატიმარს სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. 

ამ რეჟიმის მთელი სისტემა რეპრესიულ მექანიზმზე, დაშინებაზეა აგებული. ჩვენ პროტესტი და წნეხი უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, სასამართლოზე. უნდა შევახსენოთ მოსამართლეებს, რომ დრონი მეფობენ, მეგობრებო და პასუხისმგებლობა ყველას მიადგება. ზუსტად ამ მოსამართლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და სხვა, ვისიც ამ რეჟიმის სამსახურშია და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მამა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share