გურიის მოამბე

“შეწყდეს დარბევა, უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული” – Amnesty International

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველა დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ამბობს, საქართველოს “ხელისუფლება” იყენებს ახლად მიღებულ დრაკონულ კანონმდებლობას მშვიდობიანი დემონსტრანტების ხმის ჩასახშობად, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

Amnesty International-ს ბათუმსა და თბილისში რამდენიმე დაკავების მაგალითიც მოჰყავს, მათ შორის, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმეც.

 

“დეკემბერში დაჩქარებულად მიღებული კანონები ფაქტობრივად ახდეს პროტესტის ისეთი სიმბოლური აქტების კრიმინალიზებასაც კი, როგორიცაა სტიკერების განთავსება საჯარო შენობებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი მომიტინგეების და განსხვავებული ხმების ჩასახშობად, მათ შორის ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური აქტივისტების ჩათვლით.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ”, – აცხადებს კრივოშეევი.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ “4 დეკემბრის შემდეგ აქციის მონაწილეების დაშინებასა და ძალადობას არა მხოლოდ სამართალდამცავები ახორციელებენ, არამედ დაუდგენელი, ნიღბიანი და იარაღით შეიარაღებული პირები.

“პოლიციის სისასტიკის ასობით შეტყობინების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცავი ან შეიარაღებული ნიღბიანი ჯგუფის წევრი არ არის გამოვლენილი ან პასუხისგებაში მიცემული. სასამართლოები რეგულარულად ანიჭებენ უპირატესობას პოლიციის ჩვენებას, ვიდრე ვიდეო მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებს, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებებს და აძლიერებს სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ დაუსჯელობას.

Amnesty მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს დარბევა, უზრუნველყოს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის და უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იმოქმედოს სოლიდარულად, რათა უზრუნველყოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share