ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა – „ქართული ოცნების“ კურსის კორექტირება ნაკლებად სავარაუდოა და ვიდრე ხელისუფლება ამ მიმართულებით მკაფიო ცვლილებას არ გააკეთებს, პოლიტიკური ურთიერთობები მმართველ პარტიასთან უნდა შემცირდეს – ევროპარლამენტმა ნათლად თქვა, რომ გვინდა, საქართველოში წამყვანი პირების სანქცირება მათი მავნებლური საქმიანობის გამო,- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შეჩერებულ ფინანსურ დახმარებებზე ისაუბრა და თქვა, რომ გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი მხარდაჭერისთვის იყო განკუთვნილი, უნდა გადანაწილდეს თავისუფლების დარჩენილი სივრცეების დაცვისთვის, „საიდანაც შეიძლება წარმოიშვას ნამდვილი წინააღმდეგობა ავტორიტარული პრაქტიკის მიმართ“.
„ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია იძლევა მკაფიო სიგნალს: ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა. „ქართული ოცნების“ კურსის კორექტირება, რომელიც გულისხმობს მოსკოვისგან დისტანცირებას და ევროკავშირთან თავსებადი დღის წესრიგის მიღებას, ნაკლებად სავარაუდოა. სანამ ხელისუფლება ამ მიმართულებით მკაფიო ცვლილებას არ გააკეთებს, პოლიტიკური ურთიერთობები მმართველ პარტიასთან უნდა შემცირდეს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად გაყინულია ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ. საქართველოსთვის გათვალისწინებული 120 მილიონი ევროს არაპირდაპირი ფინანსური დახმარება შეჩერებულია. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ გაყინა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, საიდანაც გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ევრო. გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად ევროკავშირისგან საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი მხარდაჭერისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უნდა გადანაწილდეს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის სასარგებლოდ. მიზანი უნდა იყოს თავისუფლების დარჩენილი სივრცეების დაცვა, საიდანაც შეიძლება წარმოიშვას ნამდვილი წინააღმდეგობა ავტორიტარული პრაქტიკის მიმართ. საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ხალხისგან უნდა მოდიოდეს. ევროპარლამენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ გვინდა, საქართველოში წამყვანი პირების სანქცირება მათი მავნებლური საქმიანობის გამო.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ორგანიზებისკენ. მოვუწოდებთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება“,- განაცხადა მაკალისტერმა.
გარდა ამისა, მაკალისტერმა უპასუხა კითხვას, თუ რამდენად ხედავს შანსს, რომ აშშ-ის შემდეგ, ევროკავშირი პირადად ბიძინა ივანიშვილს დაუწესებს სანქციებს და ისაუბრა რეზოლუციაზე, რომლითაც ევროპარლამენტი ევროკავშირს პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
„ევროპარლამენტმა მოუწოდა სანქციების დაწესებისკენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დემოკრატიული უკანდახევისა და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლის გამო. ევროპარლამენტმა 28 ნოემბრის რეზოლუციაში დაგმო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, როგორც არა თავისუფალი და არასამართლიანი. ისინი წარმოადგენენ ქვეყნის დემოკრატიული უკანდახევის კიდევ ერთ გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებელი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა“.
ამ რეზოლუციით ევროპარლამენტმა უარყო საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერი აღიარება. ჩვენ ცხადი ვიყავით, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარებულიყო ერთი წლის განმავლობაში საფუძვლიანი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.
ამ რეზოლუციაში პარლამენტმა ასევე მოუწოდა, დაწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დიახ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირს გაყინოს ბატონი ივანიშვილის მთელი აქტივები ევროკავშირში მისი როლის გამო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში და ქვეყნის კონსტიტუციით დეკლარირებული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის, მათ შორის ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობისთვის.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან.“,- განაცხადა მაკალისტერმა.