მიშას გაშვების დილემა?! რა აწყობს საქართველოს – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებამ არ ეჩვენებინა ჯანმრთელობაშერყეული პრეზიდენტი სააკაშვილი ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, შემდეგ კი გაევრცელებინა დამონტაჟებული ვიდეო-კოლაჟი, ვითომდა მისი აგრესიული და არაადეკვატური ქცევის საჩვენებლად, კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი იმის შესახებ, რომ მიშას სიცოცხლე მართლაც საფრთხეშია. მართალია, დღეს ეს პირველ რიგში ჰუმანიტარული საკითხია, თუმცა ობიექტურობისთვის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და მისი ციხეში მოხვედრა პოლიტიკური აქტი იყო. ამიტომაც ამ საქმეს აქამდეც და დღესაც მძლავრი პოლიტიკური შემადგენელი და რაც მთავარია სახელმწიფოებრივი ინტერესის მატარებელი ასპექტები აქვს. ამ კონტექსტში, მე პირადად მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საღ-სალამათი რომც იყოს, მისი ციხეში ჯდომა მაინც დამღუპველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას საპყრობილეში ნელი სიკვდილი ემუქრება.

მოდით გამოვიდეთ პირველ რიგში სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან და ჩამოვთვალოთ რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესების პირობებში პატიმრობის გაგრძელებას ან ამის ალტერნატივად მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას:

მიშას ამ მდგომარეობაში საპატიმროში დატოვება საგრძნობლად შეამცირებს შანსს, რომ საქართველომ ასე ნანატრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს პროცესი უკვე აღქმულია ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებად პროკურატურის, სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ნეგატიურ დაღს ასვამს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ აღქმას ევროკავშირის პოლიტიკური ინსტიტუტების თვალში. მეტიც, დასავლური საზოგადოებისთვის საქართველო წარმოჩინდება როგორც ,,პოლიტიკური კანიბალიზმის” ხანიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსული საზოგადოება, სადაც ყოველი ახალი ხელისუფლება ძველის რეპრესიითაა დაკავებული.

ამას ემატება ისიც, რომ იზრდება პოლარიზაციისა და უკიდურესი დაპირისპირების პოლიტიკის შედეგად გამოწვეული აგრესია მმართველ ძალასა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, და შესაბამისად მათზე დამოკიდებულ თუ მათი განწყობების გავლენის ქვეშ მყოფ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. ეს ამწვავებს საზოგადოების გახლეჩისა და ამ ჯგუფებს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემას, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის ეროვნული თანხმობის მიღწევას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, უკრაინის მხარდაჭერა თუ ევროინტეგრაცია. ამავე დროს, კიდევ უფრო რთულდება საზოგადოების მხრიდან, პოლიტიკური ინსტიტუტების გამოყენებით, მთავრობაზე კონტროლის განხორციელება. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მე-3 პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლე ბეწვზე კიდია, შეუძლებელია პოლიტიკურმა პარტიებმა თუ მედიამ საკითხების რე-პრიორიტეტიზაცია მოახდინონ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე გააკეთონ აქცენტი.

პრობლემა იქმნება უკრაინასთან, როგორც მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე და სახელმწიფოსთან პოზიციონირების კუთხითაც. რადგან რუსეთთან ომის პირობებში, იმ პრეზიდენტის ციხეში, თან ასეთ მდგომარეობაში ყოლა, რომელმაც პირველად გაბედა პუტინთან დაპირისპირება, კრემლთან ლოიალობის ყველაზე გამომწვევ გამოვლინებად აღიქმება. ეს საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში უკიდურესად დამაზიანებელი ფაქტორია საქართველოსთვის. რაც სხვა ფაქტორებთან ერთად კიდევ უფრო აშკარას და შეუქცევადს ხდის ქართული ოცნების, როგორც მმართველი ძალის სრული იზოლაციის პროცესს ევროპის წამყვანი პოლიტიკური ოჯახებიდან თუ ძალაუფლების ცენტრებიდან, რაც თავის მხრივ მკვეთად უარყოფით გავლენას მოახდენს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან პოლიტიკური, უსაფრთხოების თუ ეკონომიკური მხარდაჭერის ხარისხზე.

მეორეს მხრივ, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, გარდა იმისა რომ უზარმაზარ ფსიქოლოგიურ სტრესს მოუხსნის ქართულ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა მიშას მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, როგორც უტყუარი სიგნალი იმისა, რომ საქართველო სწორი ტრაექტორიით იწყებს მოძრაობას და ჩნდება ერთგვარი ნიშნები დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის თუ ინსტიტუტების მდგრადობის მიმართულებით.

ქვეყნის პოლიტიკა დაიწყებს შიდა პრობლემებზე ორიენტირებას და საზოგადოების სოციალური შეკვეთის შესრულებას. შესაბამისად შეიქმნება და ჩამოყალიბდება როგორც ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ისე ახალი პოლიტიკური კოალიციები. წინა პლანზე გადმოვა საქართველოს რიგითი მოქალაქის პრობლემა, რომელიც დღეს თითქმის მთლიანად იგნორირებულია. ლოგიკურ დასასრულამდე მივა გადატვირთვა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში. სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო დროიდან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაშიც კი, კარგა ხანი ვერ შეძლებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, 2024 წლის არჩევნებში კი მისი ფაქტორი მინიმუმამდე იქნება დასული, რაც ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების პრეფერენციებს ახლებურად ჩამოაყალიბებს და ახალ კონფიგურაციასაც მოგვცემს. ოპოზიციური ფლანგი თავკომბალა აღარ იქნება, რაც ავტომატურად მოახდენს გავლენას ქართული ოცნების პოზიციონირებაზეც: მიშას დაბრუნების საფრთხეზე აგებული კამპანია ვეღარ იქნება განმსაზღვრელი ოცნების პოტენციური მხარდამჭერების კონსოლიდაციისთვის. მათ მოუწევთ, მეტი თემატური და ღირებულებითი შეჯიბრი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რაც გაზრდის კონკურენციის ხარისხსაც და შედეგსაც.

რაც მთავარია, ქართული საზოგადოება დაიბრუნებს ჰუმანური საზოგადოების სახეს. ჩაცხრება მტრული ისტერია და გალღვება ცივი სამოქალაქო ომის ატმოსფერო. ბუნებრივია დარჩება ისტორიული წყენები და სხვადასხვა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადამიანების უფლებების საკითხი, თუმცა ძველი პრობლემების ხელოვნური მანიპულირება ვეღარ იქნება მოქმედი ხელისუფლებების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი მექანიზმი.

და ბოლოს, ხშირად გვესმის: იმათ რას ეუბნებით ვინც მიშას დანაშაულების გამო დაზარალდაო. არ მიყვარს ამის შეხსენება, მაგრამ მე პირადად, სამართლებრივადაც სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებების შედეგად დაზარალებულების ჯგუფში ვარ. მწარეც ბევრი მახსოვს და აგრესიულადაც ვიყავი განწყობილი. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც დრო ყველაფერს კურნავს. უბრალოდ საზოგადოების სიმწიფე იმაში გამოიხატება, რომ მომხდარის დავიწყება კი არ ისწავლოს – მის წყენაზე უფრო მაღლა, ქვეყნის პერსპექტივა დააყენოს. მე ვერავის დავამუნათებ. ყველამ საკუთარ თავში უნდა იპოვოს პატიების ძალა. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ მიშას დღევანდელი მდგომარეობით და მის წინააღმდეგ შუასაუკუნეობრივი პოლიტიკური შურისძიებით ივანიშვილი საქართველოს მომავალს რუსული ჭაობისთვის წირავს.

ამიტომ, თუ არა პირადი განწყობების, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან ამოვალთ, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებას უარყოფითი მხარეები არ აქვს. შესაძლოა ვიღაცამ პოლიტიკური სარგებელი ან დანაკარგი მიიღოს, ვიღაცას გული დაწყდეს, ან უსამართლობად მიიჩნიოს, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო და ქართული საზოგადოება როგორც ერთობა, ამით ყველა შემთხვევაში გამარჯვებული გამოვა.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share