“არ უნდა დავუშვათ არ გვქონდეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ეხმაურება.
მისი თქმით, “დრო არ ითმენს, პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც – თუ იგი დროულად არ იქნა გამოტანილი. არადა თავისუფლად არის შესაძლებელი პროცესის წლის ბოლომდე დასრულება”.
მელიას განცხადება სრულად:
ხვალ, 22 დეკემბერს, 11 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.
სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თუ არა, სასამართლო ხვალ გადაწყვეტს, აქვს თუ არა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, თუ ეს უფლბები ქვეყანაში საბოლოოდ გაუქმებულია.
მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვითვალისწინებთ დაცვის სტრატეგიას, რომ ველოდებით ვერდიქტს. ვამბობდი იმასაც, რომ ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერაფერი დარჩება ძველებურად.
მაგრამ დრო არ ითმენს, პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც – თუ იგი დროულად არ იქნა გამოტანილი! არადა თავისუფლად არის შესაძლებელი პროცესის წლის ბოლომდე დასრულება!
ყველა ვხედავთ, როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება. გამომდინარე აქედან, ვითხოვთ გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და მკურნალობის გადაუდებელი აუციელბლობის გათვალისწინებით.
შესაბამისად, ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი – რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია – შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!
ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა!
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს!
ჩვენ არ უნდა დავუშვათ არ გვქონდეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მასთან ერთად ქართული სახელმწიფოს მომავალი, – განაცხადა მელიამ.