გურიის მოამბე

“შეიზღუდოს კომუნიკაცია არალეგიტიმურ მთავრობასთან… მოვუწოდებთ EU-ს, დააწესონ სანქციები” – ესტონეთმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო

ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო – მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ესტონეთის პარლამენტი უარს ამბობს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე, რომლებიც მათივე განმარტებით, გაყალბებისა და მოქალაქეების დაშინების ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა.

ასევე, დოკუმენტით, რომელსაც მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, ესტონეთი “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტად უდიპლომო ყაველაშვილის დანიშვნას არ ცნობს და ლეგიტიმაციას სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს.

 

ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების განხორციელებაში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში.

ამასთან, ესტონეთის პარლამენტი მოწოდებით გამოდის, მკვეთრად შეიზღუდოს კომუნიკაცია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის ინსტიტუტებთან იქამდე, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებასა და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის გავლენის მქონე აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების ფონზე ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. “ქართული ოცნება”, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის…

ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც  ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share