1614 წლის შობა გურიაში – იეზუიტების სტუმრობა ბაილეთში მამია II გურიელთან
.
„დაგვიბარეს გურიელთან: მოვიდა ვეზირის კაცი, რომელსაც ჩვენი მიწვევა ჰქონდა დაბარებული, თან მოიყვანა ცხენები და წაგვიყვანა ბაილეთს (Baylet), სადაც მთავარი თავის სახლობით და კარის კაცებით შობას ეგებებოდა, მაგრამ თავად გურიელი დაგვიხვდა მახლობლად სხვა სახლში, სადაც სანადიროდ ჩამომხდარიყო. შეიტყო თუ არა ჩვენი მისვლა მაშინვე დაგვიბარა ერთს დარბაზში, სადაც თავის ქვეშევრდომებს ასამართლებდა.
.
დიდის მოწიწებით მივესალმეთ, ისიც წამოდგა ტახდიდგან, თავშიშველი წინ მოგვეგება, დაიჩოქა ცალის მუხლით და ისე სალამი მოგვცა. შემდგომ თვითონ და მისი მხელებლებიც გვეამბორენ და გვერდით მოგვისხა. ბევრი რამ გვკითხა და ჩვენც ყველაფრის პასუხი მივეცით. მერე გვთხოვა მისი სახლობისათვის გველოცნა.
.
გამოვესალმეთ მთავარს და წავედით ბაილეთს, სადაც თხუთმეტი დღის განმავლობაში დიდის გულკეთილობით მოგვეპყრა. მთავარი მეტად ზრდილია (რაც იშვიათია ამ მხარეს) და დიდი პატივისმცემელია რომის ეკლესიის და მისის მთავრის პაპისა. საჯაროდ ამბობს, რომ ბიზანტიის იმპერია და კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსო საყდარი იმიტომ დაემხო, რომ არ ინდომეს რომის წმინდა მღვდელმთავრის მორჩილება. და აკი ღმერთმაც იმიტომ დასაჯა; პაპი არის მამა ყოველთა მორწმუნეთა, ამიტომ ყველანი მისი მორჩილნი უნდა იყვნენო.
.
როდესაც ლაპარაკი მასზედ ჩამოვარდა, ვსთხოვე ნება მომეცი თქვენი აზრი პაპს შევატყობინო-მეთქი. დიდის სიამოვნებით მომიგო და თანაც მთხოვა პაპისათვის მომეწერა და მის მაგივრად მეთხოვა ცოდვების შენდობა. თანაც დასძინა, წერილითვე აღსარებასაც ვიტყვი პაპთანო, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ამნაერად არც აღსარება შეიძლება და არც ცოდვების მოტევება-მეთქი. პაპმა სწორედ იმიტომ გამოგვზავნა შორს ქვეყნებში, ხალხს ცოდვები მოვანანიებინოთ-მეთქი.
.
ამისი მთავარმა იგივე მითხრა, რაც ფილიპპეს კანდარის დედოფლის საჭურისმა უთხრა: „აჰა წყალი; რაღას აყოვნებ ჩემს მონათვლას?“ მითხრა თუ ეგრეა ახლავე ვიტყვი აღსარებასო. მალე მოენის საშუალებით თითქმის მთელის თავის ცხოვრების აღსარება მითხრა. იქნება მკითხოთ, ჩვენის სარწმუნოების შემწეობა-მოკლებულ მთავარს საიდანა აქვს ასეთი ქრისტიანული გრძნობა. მეც პავლე მოციქულის სიტყვებს მცირედად შევსცვლი და ისე გიპასუხებთ: ერთმა ქართველმა მონაზონმა, რომელმაც 12 წელი გაატარა რომში, დასთესა კეთილი თესლი ამ ნაყოფიერ მიწაზედ, რომელსაც ახალ ჩვენ ვრწყავთ და ნაყოფს ვაღებინებთ ღვთის კურთხევით.
.
რა გაირა ნათლიღების დღესასწაულმა, გურიელმა როგორც იყო დიდის გაჭირვებით ნება მოგვცა წავსულიყავით, არ ინდომა ჩვენი დაჭერა, რადაგან დავპირდით, კვლად მოვალთ და თუ უკეთუ ინებებთ რავდენსამე ჩვენს მოძღვარს დავიბარებთ თქვენს ქვეყანაში დასარჩენადო. ამისი გვითხრა: „არა თუ დიდად სასიამოვნოა ჩემთვის ეგ დაპირება, არამედ გპირდებით, რომ დიდი პატივი მივიღებ, მივსცემ სახლს. ეკკლესიას და ყველაფერს რაც დასჭირდებათ საცხოვრებლათ.“
.
– ფრაგმენტი „წერილი მამა ლუდოვიკე გრანჯერიოსი იეზუიტების საზოგადოების გენერალუფროსს კლავდიო აქვავივას. მიწერილი სამეგრელოს სოფელ მოქვიდან 2 მარტსა 1615 წ.“ გაზეთი „ჯვარი ვაზისა“ 1906 წელი #16.
– მამია მეორე გურიელი – ნახატი დონ კრისტოფორო დე კასტელი – “ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ” (ჩანაწერები, მოგონებები და ალბომი საქართველოში 1628-1654 წლების მისიონერული მოღვაწეობის შესახებ) 1976
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა