„2074 წლისთვის შესაძლებელია ყოველ 2-3 სამუშაო ასაკის ადამიანზე ერთი პენსიონერი მოდიოდეს,“ – აღნიშნული პროგნოზი მთავრობის 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმების დოკუმენტშია აღნიშნული.
ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული დოკუმენტის თანახმად, გრძელვადიანი ხარჯების ზეწოლისა და დაბერების გამო, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველო დიდი ხანია დგას 2 რისკის წინაშე, ესენია: დემოგრაფიული ცვლილება და კლიმატური ცვლილებები.
„საქართველო ჯერ კიდევ სწრაფი ტემპით განიცდის მოსახლეობის მკვეთრ დაბერებას. ამჟამად, დაახლოებით ყოველ ოთხ შრომისუნარიან ადამიანზე 1 პენსიონერი მოდის, 2074 წლისთვის კი შესაძლოა, 1 პენსიონერი უკვე ორ-სამ სამუშაო ასაკის ადამიანზე მოდიოდეს, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის დაბერების გამო, გრძელვადიან პერსპექტივაში საპენსიო ხარჯებიც გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შემცირდება.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა იქნება 3 693 600 კაცი, 2026 წელს – 3 691 700 კაცი, ხოლო 2027 წელს უკვე 3 688 900 კაცამდე შემცირდება რიცხოვნობა. რაც შეეხება გასულ 2024 წელს, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წინა წელს 3 694 600 კაცი იყო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2026 და 2027 წლებში საქართველოს მოსახლეობა 0.1%-0.1%-ით შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2025-2027“. უწყების ცნობითვე, აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
bpn.ge