საქართველოში შექმნილი ვითარებიდან და მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე ანდრო დადიანმა ქვეყანა დატოვა – ამის შესახებ არტისტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
ანდრო დადიანი აღნიშნავს, რომ ძალოვანი სტრუქტურებისგან “გენერალური გაფრთხილება” მიიღო და გაჩუმებას, გაჩერებას აიძულებდნენ.
“ყველა სახლიდან გასვლა დანის პირზე სიარულს ჰგავდა” – წერს არტისტი სოციალურ ქსელში.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დღითიდღე დამძიმდა ჩემი უსაფრთხოება. რამდენიმე ხნის წინ, ძალოვანი სტრუქტურებისგან მივიღე გენერალური გაფრთხილება, გავჩუმებულიყავი და გავჩერებულიყავი. მანამდე, კესარიას სადისტური მკვლელობის შემდეგ, ორჯერ გამეცნო სხვადასხვა ადამიანი გაცნობის საიტებზე, (იციან ყველას აიპი მისამართი), რომ შევხვდით ერთმანეთს, მითხრეს, – ხომ ხედავ როგორ მოკლეს კესარია, წადი ქვეყნიდანო. გარკვეული პერიოდი ამ წინადადებებს სერიოზულად არ აღვიქვამდი, მაგრამ ოფიციალური შეხვედრა-გაფრთხილების შემდეგ იმ “შემთხვევითმა” შეხვედრებმა და “კეთილმა” რჩევებმა უფრო შეიძინა მნიშვნელობა.
ყველა სახლიდან გასვლა დანის პირზე სიარულს ჰგავდა. სულ იყო საფრთხე, რომ რაიმეს ჩამიდებდნენ ჯიბეში, ან სახლში მისულს დამიკაკუნებდნენ კარზე და ჯაკუზში კალაშნიკოვს აღმომიჩენდნენ ან კილოგრამ ნარკოტიკს. უსაფრთხოების შესახებ რამდენიმე კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დროებით დამეტოვებინა ქვეყანა და ბერლინს შევაფარე თავი. ახლა საპატიმროში ჯდომას და კიდევ ერთი მსხვერპლის გამოხსნისთვის ბრძოლას ასე ჯობდა ყველასთვის, მგონი. მგონი შორიდანაც შევძლებთ გავაკეთოთ რაიმე ჩვენი ქვეყნისთვის. მორჩებიან ეს ფაშისტები და ერთად გავაგრძელებთ უკეთესი ქვეყნისთვის შრომას.
მიყვარხართ ყველა, ვინც დგახართ რუსთაველზე, ციხეებთან, სასამართლოებთან, ვინც ერთი ლაიქით ან ერთი პოსტით მაინც აძლიერებთ ჩვენს ბანაკს ამ რუსებთან ბრძოლაში. გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერს ანდრო დადიანი.