16 წლის შვილის გარდაცვალება ირინა ოროლოვას გამომძიებელმა შეატყობინა – “პირველებთან” ინტერვიუში ქალი ჰყვება, რომ სკოლის მოსწავლეს მთელი საღამო ეძებდა, ტელეფონზე რეკავდა, მაგრამ ის არ პასუხობდა, საბოლოოდ, პოლიციამ უთხრა, რომ სოსო, რიყის პარკში, დოქების შენობასთან თხრილში ჩავარდა, თხრილი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლით იყო სავსე.
სოსო ადეიშვილი შაბათს საღამოს, მუსიკის გაკვეთილიდან სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. ირკვევა, რომ რიყის პარკში შესული მოზარდი საპირფარეშოს ეძებდა. მისი ყვირილის ხმაც სწორედ ამ დროს გაისმა. სკოლის მოსწავლე ღიაა თხრილში ჩავარდა და დახმარებას საკუთარ მეგობრებს სთხოვდა. შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ მერვე კლასელი მოზარდისთვის პირველადი დახმარების გაწევას სწორედ მისი თანატოლები ცდილობდნენ, თუმცა მოზარდმა გონება დაკარგა და მოკვდა.
ახალგაზრდა ქალი ფიქრობს, რომ მისი შვილის სიცოცხლე ხელისუფლების გულგრილობას ემსხვერპლა.
რიყის დოქები, ადგილი, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებით წლების წინ ოცნების ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადასცა, თუმცა პროექტის განხორციელების ნაცვლად, დედაქალაქის ცენტრალურ პარკში 26 იანვრამდე სიკვდილის ზონა იყო.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე. თბილისის მერია ამტკიცებს, რომ ტრაგედია კერძო საკუთრებაში მოხდა და მერია დამნაშავე არ არის. რიყის დოქები ნამდვილად კერძო საკუთრებაში მდებარეობს. პარკის ტერიტორიაზე მდგარი სახელმწიფო შენობები, სადაც თეატრი უნდა ყოფილიყო, ივანიშვილის ხელისუფლებამ გაყიდა და რუსეთში მოღვაწე ოლიგარქის მეგობარ ბიზნესმენს დავით ხიდაშელს მიყიდა. პარკი და დოქები ერთიანი სივრცეა, იქ არც ღობეა და უფრო მეტიც, რიყის დოქების ნაწილი საჯარო სარგებლობისთვის სერვიტუტით არის დატვირთული.