პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას 16 ივნისს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს, ამის შესახებ ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ, ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა!
მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ – ჩვენ ჰორიზონტალურ „მე იქ იმასთან არ მივალ“- ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ, რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების, საქართველოს დაძახებულზე გავიდეთ 16-ში – ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ, რომ ბევრნი ვართ!
მოვუწოდებ „სირცხვილიას“ ჯგუფს, რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდნენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ალეკო ელისაშვილი.