გააწანი სილა რეჟიმს – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. 30 იანვარს სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის წინ ბათუმის პოლიციის უფროსის ფოტო მიიტანეს და პერფორმანსი მოაწყვეს.
“ქუთაისელები ვაპირებთ, რომ ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელივით სახეში სილა გავაწნათ” – ამბობდნენ აქციის მონაწილეები. სწორედ ამ ფორმით გამოუცხადეს დემონსტრანტებმა პროტესტის 64-ე საღამოს სოლიდარობა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორს.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.