რუსეთის დუმაში გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთვის “3+3” ფორმატში კარი კვლავ ღიაა, მისი “სავარძელი კი კვლავ დგას”.
“ჩვენ გვესმის საქართველოს ეჭვების და პოზიციების ნიუანსები, თუმცა საქართველოს წარმომადგენლებისთვის ამ ფორმატის სხდომათა დარბაზში მუდამ იდგმება სავარძელი”.
ლავროვის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეყრდნობა.
“ის კი, რომ “3+3” ყველა მონაწილის ინტერესებში მუშაობს, ეჭვს არ იწვევს. სხვათაშორის, ამან შურიც გამოიწვია აშშ-ს წინა ადმინისტრაციის, რომელიც “3+3” ფორმატის ნაცვლად, ცდილობდა “1+3″-ის ფორმატის წამოწევას, ანუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და აშშ”.
„3+3“ ბაქოსა და ანკარას ინიციატივით ჩამოყალიბებული ფორმატია და მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და მათ სამ დიდ მეზობელს (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შორის თანამშრომლობას. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში შედგა, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვება იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს — მხარე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს. მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვის შეხვედრისას ქართული დროშა მაინც გამოიყენეს, რაც ოფიციალურმა თბილისმა დაგმო.
მოსკოვმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მოლოდინი აქვს, საქართველო „3+3“ ფორმატის შეხვედრებს შეუერთდება.
ნეტგაზეთი