ადვოკატი: ქათამაძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, გუშინ ის სპეციალურმა საგამოძიებომ გამოკითხა

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას 9 თებერვლის ჩათვლით ფლობენ, შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით კი ინფორმაციის მიწოდებაზე მიგრაციის დეპარტამენტისთვის მიმართული აქვთ.

ადვოკატი ამბობს, რომ 15 თებერვალს თემურ ქათამაძეს სურდა დარჩენილიყო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას გადასხმები გაუკეთეს, უარის მიღების შემდეგ კი ახლა პროტესტის ნიშნად კვლევებზე უარს ამბობს.

„ამ პერიოდის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა, 15 თებერვალს, სამედიცინო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, როგორც ის ამბობს, ჩაუტარდა გამოკვლევები, გადასმებიც, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ის კვლავ დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, რომელსაც სურდა, რომ მუდმივი მონიტორინგის მიზნებისთვის დარჩენილიყო კლინიკაში, ამაზე უარი უთხრეს, რასთან დაკავშირებითაც ის ახლა პროტესტს გამოთქვამს და უკვე უარს ამბობს დროებითი მოთავსების ცენტრშიც სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაზე“, – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი ქეთი წიწუაშვილი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ გუშინ შეხვდა თემურ ქათამაძეს, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა.

„თემურ ქათამაძე გუშინ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა მასზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძემ ამ გამოკითხვის ფარგლებში დაასახელა მასზე ძალადობის განმხორციელებელი კიდევ ერთი პოლიციელი და მოითხოვა ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარება, რათა მოხდეს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, რომლებმაც მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა ბათუმის სამმართველოში და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – თქვა ქეთი წიწუაშვილმა.

19 თებერვალს თემურ ქათამაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share