“პუბლიკას” და “ტაბულას” ჟურნალისტები დააჯარიმეს

ივანიშვილის რეჟიმის სამიზნე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ – ვახო გომელაურის უწყება რიგითი მოქალაქეების შემდეგ, ჟურნალისტების დაჯარიმებაზე გადავიდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “პუბლიკას” რედაქტორს, ბასტი მგალობლიშვილს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. რეჟიმი ჟურნალისტს 14 თებერვალს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება.

 

არადა, ბასტი მგალობლიშვილი “პირველებთან” ამბობს, რომ 14 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მიმდინარე მოვლენებს მობილური ტელეფონით იღებდა და თან სხეულზე დიდი ზომის ე.წ. ბეიჯი ეკეთა.

 

გუშინ დამირეკეს საპატრულოდან და მითხრეს, რომ 14 თებერვალს ვკეტავდი გზას და უნდა მოვიკითხო საჯარიმო ოქმი. მე ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას. ეს დასტურდება მედიის ჩანაწერებით. ვაპირებ, რომ გავასაჩივრო ჯარიმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. უკვე არაერთი ჟურნალისტია, რომლებიც პროფესიული მოვალეობის დროს გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. ვფიქრობ, რომ ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ შეფერხდეს მედიის მუშაობა. თუნდაც დააკმაყოფილონ ჩვენი საჩივრები, გასაჩივრება დიდ დროს, ენერგიას, რესურსს მოითხოვს. ვმუშაობდი მობილური ტელეფონით, მეკეთა დიდი ზომის ბეიჯი. ეს კადრებშიც ჩანს”. – განაცხადა ბასტი მგალობლიშვილმა.
რეჟიმის მიერ სახაზინო ტერორის კიდევ ერთი მსხვერპლი ჟურნალისტი “ტაბულას” რეპორტიორი, ბექა ჯიქურაშვილია. “პუბლიკას” რედაქტორის მსგავსად, მასაც 14 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებიან.

 

ბექა ჯიქურაშვილი თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რომ 14 თებერვალს, მოქალაქეების მიერ გზის გადაკეტვის მომენტში შემაღლებულ ადგილას იდგა და პროფესიულ უფლებამოსილებას ასრულებდა.

 

გუშინ დამირეკეს საღამოს საპატრულო პოლიციიდან, შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმიო. გზა გადაკეტე 14 თებერვლის აქციაზეო. 14 თებერვალს როდესაც გზა იკეტებოდა, პრესის ბარათი მეკეტა და ვიღებდი ამ პროცესს. როდესაც გზა გადაიკეტა, გზაზე არ ვდგავარ, შემაღლებულზე ვიყავი და როცა გადაიკეტა და ჩავიდა ხალხი, მერე გავედი გზაზე. პრესის ბარათი მეკეთა. მარში მოვიდა, იყო შეძახილები და ვაგზავნიდი მასალას რედაქციაში. მედიის წარმომადგენლებზე ღიად გადავიდნენ, რომ მაქსიმალურად შეავიწროონ, შეაშინონ და არ მისცენ საშუალება, რომ დააფიქსირონ ის ყველაფერი, რაც ხდება აქციაზე და ზოგადად ქვეყანაში”. – განაცხადა ბექა ჯიქურაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share