ცხადია, ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ერთადერთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქმე არა ფულის უმიზნო ხარჯვასთან გვაქვს, არამედ როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე თემურ ჯანაშია მაღალო დონის შეხვედრებს მართავდნენ პარტნიორებთან და ეს ფინანსებიც, სწორედ ამიტომ იხარჯებოდა.
„ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღიარა, რომ სამი მილიარდი მოჰპარა ხალხს, მიხეილ სააკაშვილს ედავება, რომ ჰილარი კლინტონს, დონალდ ტრამპს უმასპინძლა. ეს ცინიზმის მწვერვალია და მჯერა, რომ ქართული საზოგადოება სწორად შეაფასებს. ცხადია ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ერთადერთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 11 წელია ამ საქმეს იძიებენ. ბატონ ჯანაშიას ამდენი ხნის განმავლობაში ატარებენ სასამართლოში, ადამიანს, რომელიც ქვეყანას იცავდა. ეს ადამიანი მუდმივად სახელმწიფოს ემსახურებოდა, ის მასპინძლობდა მაღალი დონის პირებს და ცინიზმია, როცა თაღლითი და ქურდი მესამე პრეზიდენტსა და თემურ ჯანაშიას ასამართლებს. ეს პუტინის დანაპირების შესრულებაა და მიხეილ სააკაშვილს ქართველების ხელით ასამართლებს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.