შეიქმნება საკოორდინაციო ცენტრი ახალი არჩევნებისთვის – ოპოზიციონერები ზურაბიშვილს შეხვდნენ

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 10 მარტს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ზურაბიშვილის ინიციატივით ახალი არჩევნებისთვის მოსამზადებლად შეიქმნება საერთო საკოორდინაციო ფრონტი, სადაც სამოქალაქო სექტორიც ჩართული იქნება.

“სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო სექტორს, საპროტესტო ნაწილს. ამას გარდა, ის ამზადებს 31 მარტისთვის აქციას. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება. მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა. მთავარი რაც არის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე და მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ”. – თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ცნობით, ერთობლივი კოორდინაციის ცენტრი შეძლებს უპასუხოს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რაც დღეს საქართველოში არსებობს.

“საუბარი იყო იმაზეც, რომ აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია, პრეზიდენტის ირგვლივ, პოლიტიკური ძალების, იმ ადამიანების, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ, რომ ეს იყოს ერთობლივი კოორდინაციის ცენტრი, პრეზიდენტთან, რომელიც შეძლებს, რომ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ადეკვატურად უპასუხოს.

რაც მთავარია, მოვემზადოთ ყველანი ერთად ახალი არჩევნებისთვის და გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც დააჩქარებს მისი ჩანიშვნის თარიღს. ასევე საუბარი იყო, რომ ყველამ ერთად აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი თარიღი – 31 მარტი, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, რომლის აღნიშვნაც აუცილებელია, რადგან ამ დღეს ვაჩვენეთ სამყაროს, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა”. – თქვა ჯაფარიძემ.

25 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მიმართვისას მან მათ შორის, გეგმის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ უალტერნატივო გეგმა ახალი არჩევნების დანიშვნა და მისი მომზადებაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share