“სანქციები მტკივნეული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში” – ასე აფასებს “ტვ პირველის” ეთერში რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი გერმანიის მიერ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას.
კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანულ სანქციებს გადამდები ეფექტი ექნება და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს უფრო მძლავრ ფინანსურ სანქციებს სხვა ქვეყნებიც დაუწესებენ.
”ეს ( სანქციები) მტკივნეული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის, თუმცა ეს არ არის ყველაფერი. ალბათ, წინ ელოდებათ უფრო მძლავრი ფინანსური სანქციები. ვიცით, რომ ევროკავშირში საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია, იმიტომ რომ დიდი პრობლემებით არიან დაკავებულები, რაც დაკავშირებულია უკრაინასთან, ნატოს მომავალი და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველო არ არის ყველაზე პრიორიტეტული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს თემა დარჩება ესე ჰაერზე გამოკიდებული. მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ეს საკითხი არა არის დავიწყებული, იმიტომ არ არსი დავიწყებული, რომ ძალიან მებრძოლი ადამიანები იბრძვიან თავისუფლებისთვის და არ აჩერებენ ბრძოლას, რასაც ხედავს ყველა მსოფლიოში”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
გერმანიამ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე.
დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში.