კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დიღმის მთავარ სამმართველოშია.
ის მისმა ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოინახულა. მისთვის უცნობია, ხოშტარიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მას გაათავისუფლებენ.
„შემიძლია ვთქვა, რომ ელენე ხოშტარიას დაკავების საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის პირველი ნაწილია, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელენე თავს მხნედ გრძნობს და თვლის, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და ეს სახელმწიფოს იმ რეპრესიული მექანიზმის გაგრძელებაა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იყენებს და იყენებს, ყველას წინააღმდეგ, ვინც პროტესტში მონაწილეობს“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.