ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე – ნიკა გვარამია

ეს შენობა არის ქაჯეთის ციხე, წამების შენობა და აქ შედგა ელენე ხოშტარიას წამება – ამის შესახებ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ  განაცხადა.

მისი თქმით, სამმართველოში მიყვანის შემდეგ ქალი პოლიტიკოსი სრულიად გააშიშვლეს, არ აძლევდნენ საჭირო მედიკამენტებს, მას შემდეგ კი რაც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჰქონდა  ღებინება, პოლიციელებმა ის საპირფარეშოშიც კი არ გაიყვანეს.

გვარამია ელენე ხოშტარიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავებულს უთხრეს, რომ ერთჯერად პარკს მოუტანდნენ და მხოლოდ ასე შეეძლოთ დახმარება.

”ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები და ჩვეულებრივ ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე, გაშიშვლებული ქალი პოლიტიკოსი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში”- ამბობს გვარამია. 

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ განცხადება თავიდან ბოლომდე მოგონილია:

”ამბავი, მოგონილია იმისთვის, რომ გაამართლონ გაშიშვლება, ვითომ ნარკოტიკი გვეგონა, ვეძებდით და ა.შ…

რაც შეეხება წამალს – ელენეს ჯანმრთელობა ბოლო წლებში არაა სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან და ეს წამლებიც არ მისცეს. მას ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე, როცა მოიყვანეს მაშინაც წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება და უთხრეს, რომ საპირფარეშოში არა – პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო. ამის მერე ითხოვა ჩემი წამლებიდან მარეგულირებელი დამალევინეთო, არ მიუციათ. დღემდე არ დაულევია და ახლაც წნევა აქვს მაღალი. არ გვაქვს სამედიცინო კაბინეტში და შენ შემოიტანეო.

როგორც კი ეს მორჩა [ღებინება] მერე გააშიშვლეს და აკეთეს დეტექტორით ის, რაც მოგყევით” –  თქვა ნიკა გვარამიამ ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ. 

გვარამია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა მსხვერპლებს მოუწოდებს, გამოვიდნენ საჯაროდ და პირდაპირ ეთერში მოჰყვნენ დეტალები.

ნიკა გვარამიას კომენტარიდან ირკვევა, რომ ელენე ხოშტარიასთან სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე არ მისულა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხოშტარიამ უარი თქვა საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასწრებაზეც.

ცნობისთვის, მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ელენე ხოშტარიამ იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილშიც ისაუბრა.

ხოშტარია წერს, რომ პოლიციელთა მხდიდან ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობის ორ ეპიზოდს ჰქონდა ადგილი.

  • პოლიტიკოსის თქმით, დაკავების შემდეგ, რამიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შუშებიან  განყოფილებაში  პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შეუკრეს რის შემდეგაც ყბებზე და კბილებზე მაიყენეს დაზიანება.

რაც შეეხება დიღმის სამმართველოში მომხდარ ფაქტს, პოლიტიკოსი წერს:

დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს), მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი” – წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, ხოშტარიას წერილის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს. ვახო გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share