პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას:
„ევროკავშირმა საქართველოს გაუღო კარი, ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, თუმცა ამ კარებში დგას „ქართული ოცნება“ და ჩვენი ამოცანაა, რომ „ოცნება“ გავწიოთ კარებიდან იმისათვის, რომ ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში. ახალი, მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობის პირობებში საქართველო 3 თვეში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება პრაქტიკულად ნიშნავს „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლას, რისთვისაც მმართველი გუნდი მზად არ არის, ამიტომ სანამ არ იქნება მრავალპარტიული მმართველობა , ვერ შევძლებთ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„ლელო საქართველოსთვის“ არის პრო-ევროპული პარტიების კოორდინაციის ინიციატორი, იქნება ეს პარლამენტში, თუ ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ კოორდინაციის მომხრეები ვართ. კონცენტრირებული ვართ, რომ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ჩვენი საქმიანობა გავააქტიუროთ, პარტიული სტრუქტურა გავაძლიეროთ და ვიქნებით მუდმივ კომუნიკაციაში პოლიტიკურ პარტიებთან, რათა ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა დაინახონ, რომ გვაქვს მკაფიო ხედვა და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრის სტატუსი. კოორდინაცია არ გულისხმობს, რომ ყველაფერი დასრულდება გაერთიანებით, ჩვენ გაერთიანების მომხრე ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე, სრულად კონცენტრირებული ვართ „ლელო საქართველოსთვის“ ზრდაზე“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.