„რუსეთს დრო ეწურება – ტაქტიკურად უკან იხევენ“ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს დრო ეწურება და ტაქტიკურად უკან იხევს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა ამოისუნთქა. ბოლო ძალები კიევისა და ხარკოვისკენ გაემართნენ. მტერი ტაქტიკურად უკან იხევს. „შედარებითი სიჩუმეა“ მთელ ქვეყანაში, გარდა ვოლნოვახასა, კიევის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

„ბელორუსის შეიარაღებული ძალები 45000 ადამიანს შეადგენს. მხოლოდ 17000-ს შეუძლია მეტ-ნაკლებად დავალებების შესრულება. უფრო მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბელორუსელი ჯარისკაცები არ შეასრულებენ რუსეთის კრიმინალურ ბრძანებებს“, – დასძინა მან.

არესტოვიჩმა, ასევე, მიმართა რუსეთისა და ბელორუსის ჯარისკაცებს. მისი თქმით, უკრაინა მათ დანებებას სამარცხვინოდ არ ჩათვლის და ეს ყველაფერი მათთვის სამხედრო ღირსების შენარჩუნების ტოლფასი იქნება.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის ჯარისკაცებს: როცა დანებდებით, ჩვენ ამ ყველაფერს არ ჩავთვლით სამარცხვინოდ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ შეინარჩუნებთ სამხედრო ღირსებას“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული შემაკავებელი ძალების საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის ბრძანება გასცა. მან მისი გადაწყვეტილება, ნატოს ქვეყნების ოფიციალური პირების სავარაუდო აგრესიული განცხადებებით გაამართლა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share