ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას პოლიციის მხრიდან, სახალხო დამცველის ოფისი, ხოშტარიას გათავისუფლების შემდეგ ეხმაურება და განცხადებას ავცრცელებს:
“სახალხო დამცველი ეხმიანება ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.
სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს.” აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.
24 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. ის გუშინ, 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ოლიგარქის შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. ხოშტარიამ მოძალადე პოლიციელების გვარებიც დაასახელა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია.