ჟურნალისტებისა და მათი საქმიანობის მდგომარეობა – ომბუდსმენის 2024 წლის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ ჟურნალისტები.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ისე მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას – ასევე ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე შემზღუდველმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უარყოფითად იმოქმედა.

სახალხო დამცველის აპარატი 2024 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე არცერთი დამნაშავე არ გამოვლენილა ისევე, როგორც დასჯილა.

ომბუდსმენის აპარატი ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ს თანამშრომლები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ.

“2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ ჟურნალისტები. ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ასევე, მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.

2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების მიმდინარეობისას, სხვადასხვა დროს მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, საქმიანობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების თაობაზე; ასევე, დაშავების შესახებ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

აქციების დროს, სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე.

აქციების დაშლის პირველივე დღეს გდდ-ს წევრის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავს დაესხა სპეცრაზმელი – ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განმარტა, რომ მოულოდნელად, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ნიღბიანმა პოლიციის თანამშრომლებმა.

მისი თქმით, დაკავების დროს, ძირს დააგდო დაახლოებით, ათზე მეტმა სამართალდამცველმა, რომლებიც ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მას აღენიშნებოდა დაზიანებები სხვადასხვა არეში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩადენილი ძალადობის შედეგად, მას ცხვირი ოპერაცია დასჭირდა – გარდა ამისა, პირდაპირი რეპორტაჟის დროს, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რის გამოც საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა.

საჭიროა ყველა ამ შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოვლენილი და დასჯილი არ არის შესაბამისი დამნაშავე

2024 წლის გაზაფხულის აქციებზე დაკავებულთა მიმართ მოპყრობის მეთოდები და ხერხები შემოდგომა-ზამთრის აქციების დროსაც განმეორდა, თუმცა ამჯერად გდდ-ს მხრიდან არასათანადო მოპყრობას ჰქონდა უფრო სისტემური და მასშტაბური ხასიათი. მათ შორის, აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ”.

სპეცრაზმი არასათანადო მოპყრობის განხორციელებას არ ერიდებოდა საჯაროდ და მეტიც – მასმედიის და ვიდეოკამერების წინაშე არაერთი სასტიკი მოპყრობის ფაქტი იკვეთება”. – წერია სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share